თენგიზ ცერცვაძე მეხუთე ტალღის დასაწყისზე მიუთითებს

ბოლო ერთ კვირაში ვირუსის გავრცელების მატების მკაფიოდ გამოხატული ტენდენცია შეინიშნება, რაც შეიძლება, მეხუთე ტალღის დასაწყისზე მიუთითებდეს. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაში შეზღუდვები მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში უნდა დაწესდეს.

„კლების ტენდენციის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით თვენახევარი, ბოლო ერთი კვირაა, გამოიკვეთა მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია.

ჯერჯერობით, ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია. 2 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა გუშინ, რაც საკმაოდ ბევრია. გაიზარდა აქტიური ავადმყოფების რიცხვიც. შესაძლებელია, ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი, შესაძლებელია, ეს იყოს დროებითი მოვლენა და შემდეგი პროგრესირება არ მოხდეს. ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეზღუდვები საზოგადოებისთვისაც მიუღებელი იქნება.

„ძალიან მტკივნეული საკითხია აქ კი არა, მთელ მსოფლიოში. ნახეთ, რა ხდება იტალიაში, საფრანგეთში, სერიოზული გამოსვლებია შეზღუდვების გამკაცრების წინააღმდეგ. მომიტინგეების დასაშლელად სჭირდებათ ზოგიერთი პოლიციური ზომის გამოყენება.

საქართველოში საზოგადოება მიეჩვია, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად მცირდებოდა. შესაბამისად, ცხოვრება უბრუნდებოდა ნორმალურ რიტმს, ეკონომიკა ამოქმედდა და ამიტომ, ხელახლა შეზღუდვების შემოღება იქნება ძალიან რთული და არასასურველი. მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში უნდა მოხდეს. მანამდე მიმაჩნია, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია არსებული რეგულაციების შესრულებაზე კონტროლის გამკაცრება - პირბადის გამოყენება, ქორწილების, ქელეხებისგან, დაბადების დღეებისგან თავის არიდება. და რაც მთავარია, ვაქცინაცია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 530 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 848 პაციენტი, 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

თენგიზ ცერცვაძე: დღეში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა ქვეყანას კატასტროფულ შედეგს მოუტანს