ნათია თურნავა: მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ის იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებული აქვს კანონით. რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არ შიმშილობს, მე არ მიწყინოთ, ვფიქრობ, რომ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ.

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო, საქართველოში ჯერ, სამწუხაროდ, სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ მე, ეკონომიკის მინისტრს, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომდე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს და სიღარიბეს ვებრძოლოთ, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა ჩემთან და ეს კონკრეტულად საერთოდ არ მაინტერესებს, მინდა გითხრათ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.

მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

ამავე თემაზე:

რუსთავის ციხესთან საქართველოს ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია იმართება