თბილისში, კორონავირუსზე ტესტირების ადგილების რაოდენობა, გაიზრდება

თბილისში, კორონავირუსზე ტესტირების ადგილების რაოდენობა, გაიზრდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პირველ ეტაპზე, იმ 40 დაწესებულებას, რომელიც ტესტებს ახლა ატარებს, პოლიკლინიკები და ამბულატორიები დაემატება, შემდეგ ეტაპზე კი, აფთიაქების და სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილიც.

„აფთიაქების დამატება არ არის გამორიცხული, მაგრამ ტესტირების აღებისთვის საჭიროა შესაბამისი სივრცე. თუ ვნახავთ, რომ 40 დაწესებულება, რომელიც გაშლილია მთელი თბილისის მასშტაბით, არ ყოფნის, რიგებია და ტესტის გაკეთების მოთხოვნილება დიდია, შესაძლებელია ეს ვარიანტიც იყოს განხილული, მაგრამ არა, რა თქმა უნდა, ყველა აფთიაქში. მხოლოდ იქ, სადაც შესაძლებელი იქნება სივრცის გამოყოფა. იქ უნდა იყოს ბიოუსაფრთხოების შესაბამისი პირობები, რომ ტესტი ჩაატარო. ამიტომ შესაძლებელია ეს განხილული იყოს, თუ ამ 40-მა დაწესებულებამ გაზრდილი მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. ჩვენ კიდევ ვზრდით ამ რიცხვს. თბილისში არის დაახლოებით, 120-მდე ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება, ამიტომ ჯერჯერობით, ამბულატორიული დაწესებულებების ქსელი თბილისში საკმაოდ დიდია. ახლა, ამ ეტაპზე ჩართულია 40, ვისაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ვინც აძლევს მათ ტესტებს და შემდგომ უხდის ფულს თითოეული ტესტის ჩატარებაში. შესაბამისად, გამრავლდება ამბულატორიების რიცხვი, ვინც კონტრაქტს გააფორმებს. თუ ეს არ ეყო, მაშინ აფთიაქებზეც და სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც ვიფიქროთ, როცა ეს ძალიან დაგვჭირდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება, ტესტირების გაზრდილ რაოდენობას უკავშირდება.

„უფრო მეტი ადამიანი ვლინდება. ჩვენ თუ ყოველდღიურად ანტიგენის ტესტით ვავლენდით, დაახლოებით, 700-დან 800-მდე დადებით შემთხვევას, დღევანდელი მონაცემებით, ეს რაოდენობა არის 1442 - მხოლოდ ანტიგეით და 3600 PCR ტესტით გამოვლენილი, ანუ რაოდენობის მატება დაკავშირებულია ტესტირების გაფართოვებასთან და კიდევ მეტი გვექნება მომავალ დღეებში, რომ გაფართოვდება. ამას ადრეც ვამბობდით, მაგრამ ამასთანავე, ამ ტესტირებით ვლინდებიან უფრო ადრეულ ეტაპზე და შედარებით უფრო მსუბუქი ან უსიმპტომო ადამიანები, რომელთა სწრაფი იზოლირებაც უკეთეს შედეგს მოგვცემს,“ - აღნიშნა მან.