სახალხო დამცველი რუსთავის N17 ციხეში იმყოფებოდა, სადაც გუშინ, ხანძრისას ორი პატიმარი გარდაიცვალა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულებაში იყო, სადაც პატიმრებს და ციხის ადმინისტრაციას ესაუბრა.

„მათი განცხადებით ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა, სერიოზული და დიდი დაკვამლიანება იყო. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც დაიღუპა, ცდილობდა გამოსვლას, თუმცა გისოსები იყო. იყო მცდელობა, რომ ჩაემსხვრიათ შუშები, მაგრამ გისოსების გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანის ფანჯრიდან გამოყვანა. როდესაც სახანძრო მოვიდა, დაახლოებით 20 წუთს ასახელებენ, ორი ადამიანი იპოვეს. მათ ჩაუტარდათ ხელოვნური სუნთქვა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხა. დაიღუპნენ არა დამწვრობით, არამედ კვამლით.

როგორც მითხრეს, თვითონ იმ პატიმარმა, რომელიც შიგნით იმყოფებოდა, ჩაამსხვრია შუშა, თუმცა, გისოსები იყო და ვერ გამოვიდა.

სამეურნეო ნაწილის პატიმრები გარეთ იყვნენ, თუმცა დანარჩენი პატიმრები შეიყვანეს კორპუსის შიგნით ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, როგორც პატიმრები ამბობენ, კვამლი წავიდა მათ კორპუსის საპირისპირო მხარეს. თუ კვამლი წავიდოდა იმ კორპუსის მხარეს, სადაც შეიყვანეს, გაცილებით მძიმე შედეგი დადგებოდა.

ციხის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს იყო მათ პირველი რეაქცია და თუ ვითარება გართულდებოდა, გადაიყვანდნენ მეორე კორპუსის ტერიტორიაზე, სადაც უფრო დიდი ტერიტორია და გაშლილი ეზოა. თუმცა გიდასტურებთ, რომ ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში და იქ ელოდებოდნენ. ჩემი დაკვირვებით, იმდენად გვერდითაა ეს კორპუსი, სასადილოსთან, სადაც ხანძარი გაჩნდა და იმდენად მძიმე დაკვამლიანება იყო, ქარის მიმართულება რომ წასულიყო იმ კორპუსისკენ, სადაც პატიმრები იყვნენ, მძიმე შედეგი დაგვიდგებოდა, პატიმრები ამბობენ, რომ ამ კორპუსში დაკვამლიანება და პანიკა არ ყოფილა“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება დაშავებულებს, ლომჯარიას თქმით, სამი დაშავებულიდან ორი პატიმარია, ხოლო ერთი „ილი ჯგუფის“ თანამშრომელი.

„ერთი დაშავდა კვამლის შესუნთქვით გამოწვეული ინტოქსიკაციით და მეორეს, როგორც ვიცი, დაზიანებული აქვს თითი და გადაიყვანეს კლინიკაში. ორივე დაშავებული გადაყვანილია. მეორე გარდაცვლილი არის ე.წ. ბრიგადირი, რომელიც საკუთარი მეგობრის, პატიმრის დახმარებას ცდილობდა. თავადაც პატიმარი იყო. როგორც გვეუბნებიან, კვამლი ძალიან სწრაფად გავრცელდა. თვითონაც დაბნეულები იყვენ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ მედიასთან.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი სავარაუდოდ ჭერში, დენის გაყვანილობიდან გაჩნდა და არა გაზქურიდან.

„ვფიქრობ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაცული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები და რეაგირება სწორად განხორციელებული, თვითონ მშენებლობის დროსაც რამდენად იყო უსაფრთხოება დაცული, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად გავრცელდა ცეცხლი, მომწამვლელი კვამლი იყო, ეს არის სამზარეულოს ტერიტორია. ზოგადად, ჩვენ დავინტერესდებით და ვნახავთ, არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები (დაცული) ციხეებში და რამდენად ხშირად ამოწმებენ ამ რეგულაციების დაცვას. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ მე როგორც მითხრეს დიდი ალბათობით, ეს არ გაჩენილა გაზქურისგან, სავარაუდოდ, ცეცხლი გაჩნდა ჭერში და შესაძლებელია ეს ყოფილიყო დენის სადენებისგან“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

განახლება:

სახალხო დამცველის აპარატმა ცოტა ხნის წინ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში ხარვეზებზე მიუთითებს და იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, პროაქტიულად და სრულფასოვნად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას მსგავსი მნიშვნელობის ფაქტებთან დაკავშირებით“.

„დავრწმუნდით, რომ ხანძრის დროს დაშავებული კიდევ ორი პატიმარი უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო დახმარებით. გავესაუბრეთ როგორც პატიმრებს, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დავათვალიერეთ შემთხვევის ადგილი (დაწესებულების სამზარეულოსა და სასადილოს შენობა).

დღის განმავლობაში პატიმრები შეუფერხებლად სარგებლობდნენ ოჯახის წევრებთან სატელეფონო კავშირის უფლებით, მიეწოდებოდათ საკვები, თითქმის მთელ დაწესებულებაში სრულად აღდგა ელექტრომომარაგება.

მიღებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდოდ არ არსებობს სახანძრო-უსაფრთხოების წესები და კრიტიკულ შემთხვევებზე რეაგირების მკაფიო ინსტრუქციები.

გამოჩნდა, რომ ცეცხლის კერის გაჩენის შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში იქმნება ხანძრის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებისა და პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი რისკი.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, არ ხდება სახანძრო-უსაფრთხოების ხარისხის გეგმიური თუ არაგეგმიური მონიტორინგი.

სხვადასხვა შენობის (მაგ., სამზარეულო, საცავები) სამშენებლო მასალების შერჩევისას სავარაუდოდ არ ხდება ცეცხლგამძლეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინება.

აუცილებელია, პატიმართა საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლის გაჩენისა თუ დაკვამლიანების გავრცელების შემთხვევაში, არსებობდეს კორპუსების სწრაფი ევაკუაციის ეფექტიანი გეგმა.

ასევე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლო მდებარე შენობაში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საცხოვრებელ კორპუსში მყოფი პატიმრების დაკვამლიანების ინტოქსიკაციისგან დაცვის მკაფიო ინსტრუქცია.

სახალხო დამცველის აპარატი დეტალურად შეისწავლის პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო-უსაფრთხოების პროტოკოლების არსებობისა და ეფექტიანობის საკითხს. ასევე, ყურადღებით დააკვირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარე გამოძიების პროცესს. აქვე სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, პროაქტიულად და სრულფასოვნად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას მსგავსი მნიშვნელობის ფაქტებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსთავის N17 დაწესებულების სამზარეულოში გუშინდელი ხანძრისას ორი ადამიანი დაიღუპა.

დღეს კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა.