ოთხვარსკვლავიანი გენერალი 41-წლიანი კარიერით - ლოიდ ჯეიმს ოსტინის გზა თავდაცვის მდივნობამდე

ამერიკელი თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერლის ლოიდ ჯეიმს ოსტინის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას დაეშვა. ისტორიაში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს აქამდე ორჯერ სტუმრობდა. პირველად დონალდ რამსფელდი, 41- ე პრეზიდენტის, ბუშის ადმინისტრაციის დროს და მეორედ - ჩაკ ჰეგელი, 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციიდან.

დონალდ რამსფელდი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მათ შორის 2001 წლის დეკემბერშიც, რომლის შემდეგაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოში „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას“, რომლისთვისაც აშშ-მ 64 მლნ გამოყო.

რას ელის საქართველო დღევანდელი ვიზიტისგან, ვიდრე ამის შესახებ მოგიყვებით, გეტყვით, რომ აშშ-ის პირველი აფრო-ამერიკელი თავდაცვის მდივნის რიგით მესამე ვიზიტი, რომელსაც საქართველო ისტორიულს უწოდებს, დღეს დაიწყო, Europetime-მა კი მისი კარიერიდან საინტერესო დეტალები მოიძია.

თავდაპირველად, ლოიდ ჯეიმს ოსტინმა შეერთებული შტატების თავდაცვის 28-ე მდივნად დანიშვნისას ფიცი 22 იანვარს დადო. ლოიდ ოსტინი ასევე გახლავთ პრეზიდენტის მთავარი თანაშემწე თავდაცვის დეპარტამენტთან დაკავშირებულ საკითხებში და მსახურობს ეროვნული უშიშროების საბჭოში.

ლოიდ ოსტინი აშშ-ის სამხრეთ ნაწილში, ალაბამის შტატში, ქალაქ მობილში დაიბადა და ჯორჯიის შტატში, ტომასვილში გაიზარდა.

მან შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია დაამთავრა. მას აქვს ხელოვნების მაგისტრის ხარისხი განათლების მიმართულებით ობურნის უნივერსიტეტიდან და ბიზნესის მართვის მაგისტრი ვებსტერის უნივერსიტეტიდან. გაიარა ქვეითი ოფიცრის ძირითადი და მოწინავე კურსები, არის არმიის სარდლობისა და გენერალური შტაბის კოლეჯის და არმიის სამხედრო კოლეჯის კურსდამთავრებული.

41-წლიანი კარიერა არმიაში მოიცავდა მეთაურობას დივიზიაში, ბატალიონისა და ბრიგადის დონეზე. ლოიდ ოსტინს მიენიჭა ვერცხლის ვარსკვლავი 2003 წელს, ერაყში ოპერაციის დროს, არმიის მე-3 ქვეითი დივიზიის ხელმძღვანელობისთვის.

როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ახლო აღმოსავლეთისა და ავღანეთის ყველა სამხედრო ოპერაციაზე, მისია დაასრულა. ამ დავალების დროს ის ხელმძღვანელობდა აშშ-ის და კოალიციის ძალისხმევას ერაყსა და სირიაში ISIS- ის წინააღმდეგ.

შვიდი წლის შემდეგ არმიის გენერალი, მეთაურობდა აშშ-ის ძალებს ერაყში. ოსტინის თადარიგში გასვლის ცერემონია გაერთიანებული ბაზის მაიერ-ჰინდერსონის დარბაზში (არლინგტონი, ვირჯინია), 2016 წლის 5 აპრილს გაიმართა.

ვიზიტი საქართველოში

ლოიდ ოსტინის ოფიციალური შეხვედრების განრიგი მხოლო ორ აუდიენციას მოიცავს. პირველი შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან გაიმართება, შემდეგი მოლაპარაკება კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შედგება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან გაირკვა, რომ აშშ და საქართველო გააფორმებენ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ვიზიტის მიზნებზე კი პირველი გზავნილი თავად ლოიდ ოსტინმა Twitter-ზე განთავსებული პოსტიდან გვაცნობა. კერძოდ, მისი სიტყვებით, „აშშ ეხმარება საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობის განვითარებასა და ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლაში. მოუთმენლად ველი ჩემს შეხვედრებს საქართველოში“.

უფრო ადრე კი პენტაგონმა განაცხადა: საქართველოში, სახელმწიფო მდივანი ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით. ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში.

ასევე პეტაგონის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ჯეი ოსტინი ევროპაში მიემგზავრება, რათა გაამხნევოს ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ქვეყნები.

ამასთან, ლოიდ ოსტინი ევროპული ტურნეს დროს, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში ხაზს გაუსვამს, რომ NATO-ს კარი ღიაა და მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ცვლილებები მათთვის საჭირო თავდაცვითი ალიანსის წევრობისთვის.

„ოსტინი ასევე აპირებს, ხაზი გაუსვას საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლს ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. სამივე ქვეყანა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვევა, ესაზღვრება შავ ზღვას და ოსტინი მათ ლიდერებთან ისაუბრებს შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ და შეეცდება, გააძლიეროს თანამშრომლობა ამ ხალხებს შორის“, - ვკითხულობთ თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ტექსტში.

ამავე ინფორმაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

„რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული. ლოიდ ჯეი ოსტინი ხაზს გაუსვამს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რომ NATO-ს კარი ღიაა და მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ცვლილებები მათთვის საჭირო თავდაცვითი ალიანსის წევრობისთვის“, - წერია ინფორმაციაში.

ამავე თემაზე

პენტაგონი: თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ეწვევა, რათა წაახალისოს უფრო ფართო რეგიონული თანამშრომლობა შავ ზღვის რეგიონში

აშშ და საქართველო შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად

აშშ-ის ელჩი: აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი ამერიკისგან საქართველოს უსაფრთხოების განგრძობითი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს დღეს ეწვევა