ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი: არის საშიშროება, რომ ზამთარში კვლავ საველე ჰოსპიტლების საჭიროება დადგეს

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლია გოლიაძის განცხადებით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი ადგილები არ არის.

მისი თქმით, საშიშროება იმისა, რომ ზამთარში კვლავ საველე ჰოსპიტლების საჭიროება დადგეს, არსებობს. მიზეზად კი ლია გოლიაძე ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელს ასახელებს.

„ბოჭორიშვილის კლინიკა არის სრულად დატვირთული, პრაქტიკულად, ადგილები არ გვაქვს. დღეს ახლა გავწერ რამდენიმე პაციენტს, მივიღებ რამდენიმე პაციენტს. რეანიმაციაში ადგილი არ გვაქვს.

ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ზამთრის პირზე ჩვენ დაგვჭირდეს ისევ საველე ჰოსპიტლების გახსნა, თუმცა ამის საშიშროება არსებობს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი რიცხვია“, - აცხადებს ლია გოგოლაძე „რუსთავი2-თან“.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 5739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გუშინ კი აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი 2265 დაფიქსირდა.

16 ოქტომბერს, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა, 15 ოქტომბერს - 6 673, 14 ოქტომბერს - 3 843.

13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837.