პრემიერი: კოვიდვითარებას სრულად ვმართავთ

ჩვენ ვაქცინების არავითარი პრობლემა არ გვაქვს, 1-ელ ოქტომბერს ჩამოვიტანეთ დამატებით 1 მილიონი Sinopharm-ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია, გვაქვს Pfizer-ის ვაქცინები, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება კოვიდვითარებას სრულად მართავს. პრემიერ-მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის ექიმებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მათი საქმიანობის დასაფასებლად.

„ამას გარდა, მინდა მოსახლეობას ვუთხრა და დავამშვიდო, ჩვენ სიტუაციას ვმართავთ, კონტროლის ქვეშ არის. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ექიმებს, მათ ძალიან გმირული საქმიანობა გასწიეს, ეწევიან და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მათი საქმიანობის დასაფასებლად“, - აღნიშნა პრემიერმა.

ჟურნალისტების კითხვას, რამდენად ეფექტური იყო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ის ეფექტურია, ვინაიდან უკვე ათვისებული მილიონი ლარი მოსახლეობაში გადანაწილდა.

ცნობისთვის, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი ისევ დაბალია, კორონავირუსის შემთხვევების დღიური რაოდენობა კი მკვეთრად მაღალი.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, სხვა შეკითხვებსაც უპასუხა.

„ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვესაუბროთ, მათ შორის სააკაშვილის მხარდამჭერებს, ვინაიდან ისინი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან არასწორ გზაზე და შეცდომაში არიან შეყვანილი. ამიტომ, მეტი აქტიური კომუნიკაცია და მეტი საუბარია მათთან საჭირო იმისთვის, რომ მთელი ერი გავაერთიანოთ და რეალურად გადავიდეთ საქმის კეთებაზე, სიღარიბის დაძლევაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და ქვეყნის გაერთიანებაზე, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. აღარ მაინტერესებს აღარც მოღალატე, აღარც პატიმრები, არავინ მაინტერესებს, გარდა ჩვენი ხალხისა და ჩვენი საქმისა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მისი თქმით, „მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი,12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და წლის ბოლოს დაახლოებით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ“.