იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვა NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ამ რეგიონში ჩვენი წარმომადგენლობა გავზარდეთ

"შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა", – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, შავი ზღვის რეგიონში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი წარმომადგენლობა გაზარდა.

"შავი ზღვის ექვსი ქვეყნიდან, სამი ქვეყანა, თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი უკვე ალიანსის წევრები არიან, ასევე ამ რეგიონში არის ორი ძალიან ახლო პარტნიორი საქართველო და უკრაინა. ჩვენ ვიხილეთ ყირიმის უკანონო ანექსია და ვიხილეთ რუსეთის აგრესიული ქმედებები შავი ზღვის რეგიონში. გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ამ რეგიონში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში, ასევე მუდმივად ვაფასებთ, თუ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, ნაწილობრივ წარმომადგენლობის გაზრდით, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ძალების სწრაფად განთავსების შესაძლებლობის გაზრდით. ეს არის ის, რისთვისაც გვჭირდება ჩვენი ძალების მაღალი დონის მზადყოფნა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს რუსეთთან ურთიერთობის დონემ კიდევ უფრო დაბლა დაიწია მორიგი დაპირისპირების შემდეგ, რის შედეგადაც NATO-ში კრემლის წარგზავნილებს აკრედიტაცია ჩამოერთვათ, მოსკოვში კი დაიხურა ჩრდილოატლანტიკური კავშირის ოფისი.

რამდენიმე კვირის წინ NATO-მ ჯაშუშობის ბრალდებით, რუსეთის ექვსი აკრედიტებული წარმომადგენელი გააძევა. ალიანსის აღნიშნული გადაწყვეტილების საპსაუხოდ რუსეთმა NATO-ს რუსეთში თავისი წარმომადგენლობის დახურვა მოსთხოვა.

„ჩვენ ჯერაც მოგვეპოვება გზები და არხები რუსეთთან კომუნიკაციისთვის, მაგრამ დასანანია რუსეთის გადაწყვეტილება მოსკოვში ნატოს ორი ოფისის დახურვის თაობაზე, ასევე ნატოში მისი მისიის შეჩერება,“ - აცხადებს სტოლტენბერგმა.

21-22 ოქტომბერს, ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეხვედრა მიმდინარეობს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები თავდაცვის ახალ გეგმას განიხილავენ, რომლის მთავარი მიზანი ნებისმიერ ფრონტზე რუსეთისგან მომავალი საფრთხისგან დაცვა იქნება.

"ამერიკის ხმის" განმარტებით, მიუხედავად ჩინეთის მზარდი როლისა, როგორც ჩანს, ალიანსის ძირითადი ფოკუსი რუსეთზე იქნება მიმართული.

კონფიდენციალური სტრატეგია მიზნად ისახავს ბალტიის და შავი ზღვის რეგიონებში ნებისმიერი ერთდროული თავდასხმისთვის მომზადებას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ბირთვულ იარაღს, კომპიუტერული ქსელების გატეხვას და კოსმოსიდან თავდასხმებს.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქით, თავდაცვის ახალი გეგმა "ითვალისწინებს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და იმას, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს მათ".

შეგახსენებთ, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტერიალამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ხავიერ კოლომინა ეწვია.

ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია

ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის შემდეგ: აუცილებლად განვაგრძობთ გზების ძიებას NATO-ს ჩართულობის გასაძლიერებლად