დანია იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოსახლეობის 90% სრულად არის აცრილი და სექტემბერში პირველი სახელმწიფო იყო ევროპაში, რომელმაც აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა მოხსნა, როდესაც 70% სრულად ვაქცინირებული აღრიცხა. ადამიანები ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ ნიღბებისა და სადეზინფექციო ხსნარების გარეშე. ერთადერთი ბერკეტი, რასაც ეს ქვეყანა კოვიდინფექციის გავრცელების ყოველდღიურად დაბალი მაჩვენებლის ფონზე იყენებს, ისევ ვაქცინაციაა, თუმცა დანიაში უკვე აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია მესამე დოზებზე და ელიან, რომ ის გრიპის ვირუსის მსგავსად, მუდმივად იქნება საჭირო.
უფრო ვრცლად იმაზე, თუ როგორ მოახერხა დანიამ COVID19-ის მართვა და როგორია ცხოვრება გლობალური პანდემიის პირობებში „პანდემიის გარეშე“, Europetime კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგს, სხივურ თერაპევტს ზაზა უჯმაჯურიძეს ესაუბრა.
ზაზა უჯმაჯურიძე: დანიაში რეალურად, საერთოდ აღარ იგრძნობა, რომ პანდემიაა. პირბადეც აღარ გვიკეთია და არც ხელის დეზინფიცირებაა საჭირო, თუმცა მე მაინც ვიყენებ ხსნარს, რადგან სადმე როცა შედიხარ, პატივისცემას და პასუხისმგებლობას გამოხატავ. ჩვეულებრივად ვურთიერთობთ, შევდივართ მაღაზიაში, რესტორანში, კაფეში. ადრე თუ სამ კაცზე მეტი არ შეიძლებოდა მაღაზიებში, ახლა არავითარი შეზღუდვა აღარ არის, მათ შორის არც ტრანსპორტში. სერიოზული ავადობა აღარ არის, საავადმყოფოები კოვიდინფიცირებული პაციენტებით დატვირთული არ არის.
ყოველდღიურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, მაგალითად, გუშინ, კოვიდინფექციით არავინ გარდაცვლილა და გრაფაში ეწერა - 0. 1250 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი დღის წინ, ორი ადამიანი გარდაიცვალა და 1247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილების რაოდენობა არის - 0, 1, 2, 3, 4. ეს თემა აღარც კი შუქდება პრესაში. ამ დონეზე ვართ, 2700-ზეც არ არის ასული საერთო გარდაცვლილების რიცხვი.
_შეზღუდვების მოხსნა როგორ აისახა გავრცელებაზე?
რიცხვი იმატებს და ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ყველაფერი გაიხსნა და გასაგებია, რომ ასეთ დროს მობილობა მაღალია. მოიმატა მეორედ აცრილთა ინფიცირების რიცხვმაც, ამიტომ დავიწყეთ უკვე მესამე აცრა, მაგრამ მთავარია, რომ საავადმყოფოები, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები არ არის გადატვირთული. როცა მოჰყავდათ არგუმენტი, რომ გრიპითაც ამდენი ადამიანი იღუპება, ახლა გაცილებით ნაკლები იღუპება, ვიდრე გრიპით. გრიპი შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში იყოს ლეტალური, მაგრამ საზოგადოებაში ეს არ იგრძნობოდა და ამაზე არავინ საუბრობდა. დაახლოებით, ასეთი რაღაც ხდება კოვიდის შემთხვევაში, არის, თუმცა უკანა პლანზეა გადასული.
_აცრილების მართვის პროტოკოლი როგორია?
თუ აცრილი ხარ, ტესტიც კი აღარ გჭირდება, ამასთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია მიმდინარეობს. მაგალითად, ჩემმა კოლეგამ გუშინ მითხრა, რომ მთელ ოჯახშია გავრცელებული ვირუსი, მათ შორის პატარებში, 10 და 6 წლის ბავშვებში, თუმცა თავად იზოლაციაში არ მიდის, რადგან გადამდები არ არის, ბავშვებმა კი სავარაუდოდ, სკოლიდან მოიტანეს ვირუსი. ჩემს კოლეგას ტესტიც კი არ მოსთხოვეს, ორჯერ აცრილია და აღარც სჭირდება. ეს მოსალოდნელიც იყო, რომ რაღაც პერიოდში, შესაძლოა, მესამე და მეოთხე აცრა დაგვჭირდეს, როგორც სეზონური გრიპის დროს, ამას უნდა შევეგუოთ. ეს აცრების არაეფექტურობაზე კი არ მიუთითებს, თავისი კონდიციები აქვს მას.
_ზოგადი რეკომენდაციები როგორია მთავრობის მხრიდან მოსახლეობისადმი?
ახლა სულ სხვა საკითხებით არიან დაკავებულები. არანაირი პროტოკოლი არ არის. რა თქმა უნდა, ხდება მონიტორინგი, მესამე აცრები ფართოვდება, მეც მომივიდა მოწვევა, სხვები უკვე აიცრნენ და ასე შემდეგ. ჯგუფების მიხედვით აიცრებიან. არის ცენტრები, სადაც აცრები მიმდინარეობს. არის ტესტირების ცენტრებიც, შემთხვევები როცა იზრდება, ბუნებრივია, მეტი ადამიანი იტარებს ტესტს.
ალბათ, დანიაში იქნება 2-3 განყოფილება, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს იღებენ, თუ მათთვის საჭიროა ჰოსპიტალიზაცია. ასევე არიან ზემდგომი ორგანოები, რომლებიც ზედამხედველობას ახორციელებენ. ცოტა სავალალო სიტუაციია პატარა ჯგუფში, ბავშვებში, ახალგაზრდებში, რომლებიც არ იცრებიან. ზოგი ძალიან პატარაა, როგორც გრიპი და ადენოვირუსი გადადის, ასევე გადავა ეს ვირუსიც და სწორედ ისინი ხდებიან გადამტანები. ახალგაზრდებში გადაინაცვლა ვირუსმა და შემთხვევებიც მათ ხარჯზე მატულობს.
რამდენიმე თვეა, 12 წლიდან იცრებიან. თუმცა არის საუბარი, რომ პატარების აცრაც დაიწყოს. 2021 წლის განმავლობაში სიკვდილიანობა 70+ ასაკში იყო. ძირითადი იარაღი არის აცრები, პანდემიას ვაჩერებთ და აცრები გავრცელების მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას იძლევა, თან ნორმალური ცხოვრების საშუალებას გვაძლევს, შეზღუდვებით ნორმალურად ვერ ვცხოვრობთ.
_სხვადასხვა კვლევა ქვეყნდება ვაქცინირებულთა გარდაცვალების მიზეზებზე, მაგალითად, იტალიის შემთხვევაში მათი ასაკი ძირითადად 85-ია, ასევე, მათ შორის არიან მძიმედ დაავადებულები, თქვენი პრაქტიკა რას აჩვენებს?
აცრები კარგად მოქმედებს იმ ადამიანში, რომელიც ჯანმრთელია და კარგი იმუნური გამოხაძილია. ბუნებრივია, რაც უფრო მოხუცია ადამიანი და რაც უფრო მეტი თანხმლები დაავადება აქვს, ან ხანმოკლე იქნება მისი იმუნური პასუხი ან სუსტი, ან ორივე ერთად. ამიტომ, მესამე აცრა მაღალი რისკ-ჯგუფის ვაქცინაციით დავიწყეთ. ჩემმა ბევრმა პაციენტმა უკვე გაიკეთა მესამე აცრა. სხვათა შორის, ქიმიის და სხივური თერაპიის ფონზე. ის რომ, მაგალითად, შეცდომაა ასეთი მიდგომა, რომ ჯერ ქიმია დაამთავრო და მერე გაიკეთო აცრა, რადგან ზუსტად მაშინ ხარ ყველაზე კარგი სამიზნე ვირუსისსთვის და ამ დროს არის საჭირო აცრა.
ასევე შეცდომაა ჯანმრთელი, ახალგაზრდა ადამიანების მიდგომა, რომ მე ჩემი იმუნიტეტის მჯერა, ეს შეიძლება საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდეს, არ შეიძლება ამ ვირუსთან ხუმრობა. ამიტომ, არ უნდა გავრისკოთ და ყველას მოვუწოდებ აცრისკენ. ახლობელი მიყვებოდა, რომელიც არ იყო აცრილი, როგორი ჯოჯოხეთი გამოიარა. ეს სჯობს თუ ერთი აცრა, რომელსაც შეიძლება პატარა შეწითლება და შეშუპება მოჰყვეს ნანემსარზე?! სად არის ლოგიკა?!
_მთავარი რჩევა რა იქნებოდა საქართველოში მცხოვრებთათვის, სადაც აცრის დაბალი მაჩვენებელია?
ხშირად მაკრიტიკებენ, რატომ მომყავს დანიის მაგალითი და ცუდი მაგალითი რატომ უნდა მოვიყვანო?! მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და დანიის მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება, როცა არსებობს აცრები, უნდა ავიცრათ, ეს არის უპირველესი იარაღი პანდემიასთან საბრძოლველად და ეს არის ფაქტი. სტატისტიკით დასტურდება, რომ აცრილებში კოვიდინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს და სიკვდილიანობა 20-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე აუცრელებში. ერთადერთი რაც არის სწორი, ეს არის აცრა და აქ კონტრარგუმენტები უსუსურია.