ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პრემიერ-მინისტრები ევროკავშირთან ურთიერთობების გააქტიურებას და ევროინტეგრაციის ხელშემწყობი ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა ონლაინ-ფორმატის შეხვედრაზე ევროკავშირთან ურთიერთობების გააქტიურებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასოცირებულ ტრიოს შორის თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის საკითხებზე, მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართული შეხვედრისას, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ასოცირებულ ტრიოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დიალოგისა და თანამშრომლობის გააქტიურებას ევროინტეგრაციის საკითხებში, მათ შორის ასოცირების შეთანხმებების განხორციელების პროცესში გამოცდილების ურთიერთგაზიარების კუთხით.

საუბარი ასევე შეეხო ასოცირებულ ტრიოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გააქტიურებას, მათ შორის სექტორული დიალოგების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ასოცირებული ტრიოს ფარგლებში დღემდე გაწეული ძალისხმევა და ევროკავშირის უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებთან გამართული ერთობლივი შეხვედრები, რომელთა გაგრძელებაც მნიშვნელოვანია სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა ასევე განიხილეს დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და მოლოდინები პარტნიორობის მომავალ მიზნებზე, ასოცირებული ქვეყნების ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის გათვალისწინებით.

მათ ხაზი გაუსვეს ასოცირებულ ქვეყნებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობას სამიტისთვის მოსამზადებელ პერიოდში და იმედი გამოთქვეს, რომ სამიტი ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე.

ცნობისთვის, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი კიევში, 17 მაისს გააფორმეს.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, უკრაინა გამოვიდა ინიციატივით, ევროკავშირისა და ასოცირებული ტრიოს ფორმატში შეხვედრა უახლოეს მომავალში გამართულიყო.

ექსკლიზივი: ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან