უკრაინა ევროკავშირისა და ასოცირებული ტრიოს ფორმატში შეხვედრის უახლოეს მომავალში გამართვის ინიციატივით გამოდის

უკრაინას სურს, რომ ევროკავშირისა და ასოცირებული ტრიოს ფორმატში შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართოს, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს განიხილება უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის ევროკავშირთან ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის საკითხი, „მწვანე შეთანხმების“ და ციფრული ტრანსფორმაციის კონტექსტში.

„ჩვენს ქართველ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთობლივი ვიზიტების პრაქტიკას, რათა ევროპელ პარტნიორებს დეტალურად გავაცნოთ ასოცირებული ტრიოს ინიციატივისა და ურთიერთობების ახალი სფეროების განვითარების შესახებ“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ უკრაინა-ევროკავშირის 23-ე სამიტის შემდგომ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში „ასოცირებული ტრიო“ პირველად აღიარეს.

ასევე წაიკითხეთ: გზავნილები უკრაინა-ევროკავშირის სამიტიდან

კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტი დაიწყო

„ჩვენ დიდი ხანია, დაჟინებით ვითხოვთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში იმის დიფერენციაციას, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა აღიქმებოდნენ, როგორც სპეციალური პარტნიორები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ამბიციები და პერსპექტივები ევროკავშირთან ურთიერთობაში. ჩვენ შევძელით სკეპტიციზმის დაძლევა და ამ იდეის მხარდაჭერა უკრაინისა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადების დონეზე “, - დაამატა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, უკრაინის უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან საფრთხე არ ემუქრება.

დმიტრო კულებას თქმით, ეს საკითხი არც გუშინ განხილულა ევროკავშირი-უკრაინის სამიტის მიმდინარეობისას.

„გარკვეული პოლიტიკური ძალების უმოტივაციო პოლიტიკურ განცხადებებს იმის შესახებ, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა კრიზისშია და მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ფაქტობრივად, რეალობასთან კავშირი არ აქვს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

ცნობისთვის, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი კიევში, 17 მაისს გააფორმეს.

მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები თანხმდებიან ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანია სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება.

მემორანდუმში სამივე ქვეყანა აღიარებს, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. თავის მხრივ, ტრიოს ქვეყნები განახორციელებენ ასოცირების შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, ევროინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად.

ამავე თემაზე:

რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი

ანდრიუს კუბილიუსი: საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული რეფორმები უნდა დააჩქარონ

საქართველოს პრემიერმა, მოლდოვისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობა და ამ კუთხით პოლონეთის როლი განიხილეს

რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ერთობლივი ბრძოლის სტრატეგია ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ

ტომას პეტრიჩეკი: მივესალმები ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეფორმებზე გამოცდილების გაზიარება, როცა რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ევროინტეგრაციის პროცესში საერთო ამოცანების რეალიზაციაზე ისაუბრეს

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები: "ასოცირებული ტრიოს" შექმნა ასახავს ჩვენს მისწრაფებებს, გავხდეთ ევროკავშირის წევრები

რა შემდგომი ნაბიჯებია საჭირო და რაზეა დამოკიდებული „ასოცირებული ტრიოს“ გეგმის განხორციელება

„ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს