გაერო: ავღანეთში 22,8 მილიონი ადამიანი, მათ შორის 3,2 მილიონი ბავშვი შიმშილის ზღვარზეა

გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიხედვით, ავღანეთში 22,8 მილიონი ადამიანი, მათ შორის 3,2 მილიონი ბავშვი შიმშილის ზღვარზეა.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორის განცხადებით, ავღანეთში მსოფლიოში ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კრიზისია და კატასტროფამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი.

სექტემბერში საერთაშორისო საზოგადოებამ ავღანეთისთვის დახმარების სახით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, თუმცა მსოფლიო სასურსათო პროგრამაში აცხადებენ, რომე ეს ზღვაში წვეთია და მდგომარეობის გამოსასწორებლად თვეში დაახლოებით 220 მილიონი დოლარის მობილიზებაა საჭირო.

როგორც BBC გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, ავღანეთში შეიარაღებულმა კონფლიქტმა, გვალვამ, კორონავირუსის პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ნეგატიური გავლენა იქონია ავღანელებისთვის სურსათის ხელმისაწვდომობასა და ცხოვრების დონეზე.

გაეროს ანგარიშის თანახმად, ბოლო 16 თვეში ავღანეთში მოშიმშილეთა რაოდენობა 37%-ით გაიზარდა.

"წლის ბოლომდე არასაკმარისმა კვებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ხუთ წლამდე ასაკის 3,2 მილიონი ბავშვის ჯანმრთელობაზე, ხოლო მათგან დაახლოებით ერთი მილიონი შესაძლოა დაიღუპოს, თუ არ მიიღებენ სასწრაფო დახმარებას.

ავღანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 40 პროცენტი საგარეო დახმარებაზე მოდის. ამჟამად, ავღანელთა უმეტესობა საკუთარ ქონებას ყიდის, რათა საკვები შეიძინოს. არსებული ვითარება უფრო გამწვავდა დაჯგუფება „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. რადიკალური დაჯგუფების თალიბანის მიერ ფორმირებულ მთავრობას საზღვარგარეთულ აქტივებზე წვდომა შეუზღუდეს, რის გამოც სახელმწიფო მოხელეები და სხვა მუშაკები ვერ იღებენ ხელფასს.