ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თვლის, რომ საქართველოში კორონავირუსის „მეხუთე ტალღა“ არ დაწყებულა და „მეოთხე ტალღის“ დაღმავალი პროცესია.
მინისტრის თქმით, საველე ჰოსპიტლების საჭიროება არ არის.
„ვინაიდან ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტების, ე.წ. RT-ეს შემცირებას, რომელიც დღესდღეობით უკვე 1,03 არის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შემდგომი დღეების განმავლობაში მოხდება აბსოლუტურ რიცხვებში, ასევე ინფექციის კლება.
რაც შეეხება რესურსებს, ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ ვმართოთ ყველა პაციენტის საჭიროება, იმ შემთხვევაში თუ გართულდა, გვაქვს ალტერნატიული გზებიც, რომლებიც ერთხელ უკვე გამოვიყენეთ, ასეთია საველე ჰოსპიტალი, თუმცა დღევანდელი მაჩვენებლებით არ ჩანს იმის საჭიროება, რომ საველე ჰოსპიტალი დაგვჭირდეს “, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.
შეგახსენებთ, 15 ოქტომბერს, კორონავირუსის შემთხვევების ნახტომისებურ ზრდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძე „მეხუთე ტალღის“ დასაწყისად მიიჩნია.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი, 4 467 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციისთვის იძულებითი ღონისძიების საჭიროებას ვერ ხედავს. ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არ გვჭირდება სავალდებულო ვაქცინაცია.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და დაამატა, რომ ვაქცინაციის მარათონი წარმატებით მიმდინარეობს.
ტიკარაძე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა და არა იძულება. მინისტრის თქმით, ეს არის უწყების პოზიცია და საკოორდინაციო საბჭოზეც განიხილება ეს საკითხი.
როგორც ცნობილია, NCDC-ს ხელმძღვანელი მხარს უჭერს, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის გახდეს ვაქცინაცია სავალდებულო, რაზეც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სწორედ ეს არის დემოკრატია.
ცნობისთვის, პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ არ დაუშვებს სავალდებულო ვაქცინაციას.