თენგიზ ცერცვაძე: ძალიან ბევრია კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა, ერთ-ერთი პირველები ვართ მსოფლიოში

კორონავირუსის შემთხვევების ასეთ ნახტომისებურ ზრდას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე „მეხუთე ტალღის“ დასაწყისად მიიჩნევს.

თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომდევნო დღეებში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს.

„სამწუხაროდ, ბოლო დღეებში დაფიქსირდა ნახტომისებური ზრდა ახალი შემთხვევების. სულ რაღაც 3-4 დღეში 2 ათასიდან 5 ათასამდე აიწია. მართალია, დღეს 3200-ია, მაგრამ სავარაუდოდ, გუშინდელი დასვენების დღის გამო.

მოსალოდნელია, რომ შემდეგ დღეებში ისევ მოიმატოს. ვართ არა მეხუთე ტალღის ზღვარზე? - ამ სახელების დარქმევა გარკვეულწილად პირობითია. ზუსტად არავინ იცის, სად დამთავრდა „მესამე ტალღა“, სად დამთავრდება მეოთხე და როდის დაიწყება „მეხუთე ტალღა“.

დიახ, მე ვიტყოდი, რომ რამდენადაც „მეოთხე ტალღის“ შემდგომ იყო მნიშვნელოვანი კლება, როდესაც 1000-დან 2000-მდე შემთხვევა იყო, სიკვდილობის მაჩვენებელი კი, 80-დან 23-26-მდე ჩამოვიდა, ჩავთვალოთ, რომ „მეოთხე ტალღა“ გადავიარეთ მაშინ და ახლა ასეთი ნახტომისებური ზრდა არის „მეხუთე ტალღის“ დასაწყისი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ძალიან ბევრია ახალი შემთხვევების რაოდენობა: „ერთ-ერთი პირველები ვართ მსოფლიოში. კლინიკური სექტორის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ვახერხებთ იმას, რომ ყველა პაციენტი იყოს მართული, არცერთი არ დარჩეს ჰოსპიტალური საწოლის გარეშე და ყველამ მიიღოს მომსახურების სრული პაკეტი, რაც სჭირდება.

„სიკვდილობას ვინარჩუნებთ ამ რაოდენობისთვის ძალიან დაბალ ნიშნულზე - 20-სა და 30-ს შორის. ამის ფონზე, როდესაც ასეთი დიდი ალბათობაა სიკვდილობის მატების და ახალი შემთხვევები მკვეთრად იზრდება, შეიძლება, გადავაჭარბოთ „მეოთხე ტალღას“.

ყველა პირობაა შექმნილი ვაქცინაციისთვის და აცრილთა რაოდენობა დღეში მერყეობს 4 ათასიდან 6 ათასამდე. ეს არის ერთი მხრივ, სრულიად აუხსნელი რამ, საქართველოს მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის გათვალისწინებითაც კი. ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს, რომ მხოლოდ 4 ათასი კაცი აიცრას, როდესაც დღეში 40-50 ათასი ადამიანის აცრის საშუალება გვაქვს, თან მაქსიმალური კომფორტით, ბინებში გაკითხავენ, მეტი რაღა უნდა ქნან?! გვაქვს მაგალითი, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მოახერხეს ორჯერ აცრა და ისრაელმა უკვე სამჯერ აცრა თავისი მოსახლეობის უმრავლესობა, ძალიან შეამცირა როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე სიკვდილობის რაოდენობა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან. ვიდეოს „პალიტრანიუსი“ ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძემ პირველად 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ მეხუთე ტალღის დასაწყისი იგრძნობა. განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რომელმაც განაცხადა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ასეთი მატება უჩვეულოა და ის უნდა შეისწავლონ.

რაც შეეხება აცრების დღიურ მაჩვენებელს, ის დღეს განსაკუთრებით დაბალი იყო და მხოლოდ 3 843 შეადგინა.

13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837.