ევროკავშირმა უკრაინისთვის 600 მილიონი ევრო გამოყო

ევროკავშირმა 600 მილიონი ევრო გამოყო უკრაინისთვის მაკროსაფინანსო დახმარების სახით, რაც ნაწილია პროგრამისა, რომელიც მიზნად ისახავს COVID-19-ის პანდემიის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქებას.

ევროპის კომისია აცხადებს, რომ დადებითად შეაფასა უკრაინის მიერ გატარებული რვა რეფორმა, მათ შორის საჯარო ფინანსების მენეჯმენტში, მმართველობაში, კანონის უზენაესობასა და ბიზნესის კლიმატის გაუმჯობესებაში.

"დღეს 600 მილიონი ევროს გამოყოფა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის მაკროსაფინანსო დახმარების სახით ნასესხებ თანხას 4,4 მილიარდ ევრომდე ზრდის. ეს თანხები წარმოადგენს არა მხოლოდ ხელშესახებ მტკიცებულებას უკრაინის ხალხისადმი ჩვენი ერთგულებისა, არამედ ასევე აჩვენებს უკრაინის მიერ აუცილებელი რეფორმების შესრულებას, როგორც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და კომისიასთან" - თქვა ევროკავშირის ეკონომიკის კომისარმა, პაოლო გენტილონიმ.

ევროპული კომისიის ცნობით, ეს არის მეორე და საბოლოო ტრანში, უკრაინის მიმდინარე MFA-ის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოსდევს 2020 წლის დეკემბერში 600 მილიონი ევროს გამოყოფას.

.უკრაინისთვის გამოყოფილი ეს დახმარება ნაწილია 3 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდისა, რომელიც გათვალისწინებულია სამეზობლოს და გაფართოების ათი პარტნიორი ქვეყნისთვის, პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან საბრძოლველად.

ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინის სამხედრო განვითარება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს

ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია