ჯო ბაიდენმა საერთაშორისო სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განკარგულებას საერთაშორისო სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნის შესახებ ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აშშ აცრილი უცხოელი მოგზაურებისთვის შეზღუდვებს 8 ნოემბრიდან მოხსნის. თეთრმა სახლმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყველა ქვეყნიდან ჩასული მგზავრისთვის ვაქცინაცია მოთხოვნა იქნება. სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

მგზავრებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის მტკიცებულება და აჩვენონ კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი. უცხოელ ვიზიტორებს, რომლებიც გადაკვეთენ სახმელეთო საზღვარს, არ სჭირდებათ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. მგზავრები აცრილი უნდა იყვნენ ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს, ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული რომელიმე ვაქცინით.

„სრულად აცრილი მოგზაურები ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაინფიცირდნენ და გაავრცელონ SARS-CoV-2 და ახლა უკვე შეუძლიათ, დაბალი რისკის ქვეშ იმოგზაურონ შეერთებულ შტატებში. ნიღბის ტარება საჭიროა თვითმფრინავებში, ავტობუსებში, მატარებლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აეროპორტებსა და სადგურებში. მოგზაურებს არ მოეთხოვებათ ნიღბის ტარება სატრანსპორტო საშუალების გარე პერიმეტრზე (მაგალითად, ბორანის ღია გემბანზე ან ავტობუსის ზედა ღია გემბანზე).

სრულად აცრილ ავიამგზავრებს, რომლებიც ჩამოდიან შეერთებულ შტატებში საზღვარგარეთიდან, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებს, კვლავ მოეთხოვებათ, ჰქონდეთ SARS-CoV-2 ვირუსული ტესტის უარყოფითი პასუხი ან COVID19-სგან გამოჯანმრთელების დოკუმენტაცია.

შეერთებული შტატები ჩასულ საერთაშორისო მოგზაურებს კვლავ ურჩევს, გაიკეთონ კოვიდტესტი მოგზაურობიდან 3-5 დღის შემდეგ, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა. სრულად აცრილ მოგზაურებს არ სჭირდებათ თვითიზოლაცია შეერთებულ შტატებში საერთაშორისო მოგზაურობის შემდეგ“, - წერს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

შეგახსენებთ, Washington Post-ი წერდა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს გარდა, შესაძლოა, ჩინური Sinovac-ი და Sinopharm-იც იყოს მისაღები ვაქცინა შეერთებულ შტატებში.

თუმცა Europetime-მა CDC-ის განახლებულ სახელმძღვანელოს გადახედა, რომელშიც ჯერჯერობით, შემდეგი მითითებაა წარმოდგენილი: ადამიანები განიხილებიან სრულად ვაქცინირებულად:

Pfizer-BioNTech-ის ან Moderna-ს მეორე დოზის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ, ან Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრები მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წელიწადნახევრით იყო ჩაკეტილი.

აშშ-ს საქართველო, წითელ, მეოთხე დონის კატეგორიაში, რისკის ზონაში ჰყავს შეყვანილი.

„მოერიდეთ ამ მიმართულებებით მოგზაურობას. თუ თქვენ უნდა იმოგზაუროთ ამ მიმართულებებით, დარწმუნდით, რომ სრულად ხართ აცრილი მოგზაურობამდე“, - აღნიშნულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებაში ქვეყნების შესახებ, რომელთა სიაში საქართველოც არის.

ცნობისთვის, თუ საქართველოს მოქალაქე უკვე აცრილია ორი დოზა Sinopharm-ით ან Sinovac-ით და მისთვის სასურველი ქვეყანა არ აღიარებს ამ კონკრეტულ ვაქცინას, შეუძლია, დამატებით აიცრას, მაგალითად, Pfizer-ით.