ბაიდენის მრჩეველი: რუსეთი ბუნებრივი აირის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებასთან ახლოს არის

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველი ენერგეტიკის საკითხებში ეიმოს ჰოჰშტეინი აცხადებს, რომ რუსეთი ბუნებრივი აირის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებასთან ახლოს არის.

მისი თქმით, ეს ასეა, თუ რუსეთს მართლაც აქვს შესაძლებლობა, გაზარდოს გაზის ექსპორტი ევროპაში, მაგრამ ამაზე უარს ამბობს.

მისივე თქმით, ევროპაში გაზის ფასები გაიზარდა არამხოლოდ რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო, არამედ ჩინეთში გვალვის მიზეზითაც, რამაც შეამცირა ჰიდროენერგეტიკული ენერგიის გამომუშავება და ბუნებრივ აირზე გლობალური კონკურენცია გაზარდა.

ჯო ბაიდენის მრჩევლის თქმით, რუსეთს შეუძლია, გაზარდოს გაზის წარმოება და ეს სწრაფად უნდა გააკეთოს არსებული მილსადენებით.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო, რომ მოსკოვი ამცირებდა მიწოდებას პოლიტიკური მოტივებით და აღნიშნა, რომ გაზრდის ნაკადს, რამდენადაც პარტნიორები ითხოვენ ამას.

ვლადიმერ პუტინი ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას „რეკორდულად მაღალი ფასების“ გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია, გაზარდოს ევროპისთვის გაზის მიწოდება მას შემდეგ, რაც „ჩრდილოეთის ნაკადი2“ დამტკიცდება.

მილსადენი, რომელსაც ვაშინგტონი ეწინააღმდეგება, რადგან ის გვერდს უვლის უკრაინას, დასრულებულია, მაგრამ სჭირდება გერმანიის თანხმობა, რათა დაიწყოს რუსული გაზის მიწოდება ბალტიის ზღვის ქვეშ ევროპაში.

„გერმანიისა და ევროკომისიის მიერ მის დამტკიცებას სავარაუდოდ, მარტამდე პერიოდი დასჭირდება, ასე რომ, თუ რუსეთი იტყვის, რომ მას შეუძლია, სწრაფად გაზარდოს გაზის ნაკადი ამ პროექტის გავლით, ახლავე უნდა შეეძლოს ამის გაკეთება არსებული მილსადენებით“, - განაცხადა ჰოჰშტეინმა.

მოლდოვამ ენერგოკრიზისის ფონზე გაზი პოლონეთისგან შეისყიდა

ენერგოუსაფრთხოების ანალიტიკოსი: რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროპამ ელექტროენერგია თურქმენული გაზით, თურქმენეთშივე უნდა აწარმოოს