სტიქია იტალიაში: წყალდიდობის შედეგად დაკარგულებს ისევ ეძებენ

იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ კატანიას ძლიერი შტორმის გამო სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა. მათგან ერთი კაცი ავტომობილის ქვეშ იპოვეს. მაშველები კვლავ ეძებენ მის 54 წლის მეუღლეს, რომელიც კვირას, ასევე კატანიასთან ახლოს, ქალაქ სკორდიაში წყალმა წაიღო.

უშუქობის გამო სახლები და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, სკოლები კი ქალაქსა და მიმდებარე ქალაქებში დაკეტილია.

ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია.

„რამდენჯერმე მოგვიწია უკან დაბრუნება და ალტერნატიული მარშრუტების პოვნა, როცა ქუჩები მდინარეებად და ტბებად გადაიქცა. ზოგიერთი სანიაღვრე სისტემა კვლავ გადაფარულია ახლომდებარე ეტნას ვულკანური ფერფლით, რომელიც წელს 52-ჯერ ამოიფრქვა. რაც შეიძლებოდა, მალე დავბრუნდი სახლში, ვნერვიულობდი ჩემს საყვარელ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობდნენ კატანიის ცენტრში. ვიცი, რომ ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა უსაფრთხოდ დარჩენა სამუშაო ადგილზე, სამუშაო საათების შემდეგაც კი, დაელოდა ქარიშხლის გავლას“, - იხსენებს Reuters-თან ადგილობრივი მცხოვრები.

BBC-ის ცნობით, რამდენიმე დღეა, რაც კუნძულზე სტიქიურ უბედურებას აქტიურად ებრძვიან. იტალიის მთავრობა მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სიტუაცია ძალიან რთულია ქალაქ კატანიაში, წყალდიდობამ საავტომობილო გზები და სახლები მნიშვნელოვნად დააზიანა. კატანიაში ყველა ბიზნეს ობიექტი დაიხურა, გარდა ძირითადი სერვისებისა, ზომა 27 ოქტომბრის შუადღემდე მოქმედებს.

„მოვუწოდებ მოსახლეობას, გადაუდებელი მიზეზების გარდა, სახლიდან არ გავიდნენ, რადგან გზები წყალმა გადაფარა“, - წერს ქალაქის მერი სალვო პოგლიესი.

იტალიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მოსალოდნელია ამინდის გაუარესება მთელი კვირის განმავლობაში, ხუთშაბათსა და პარასკევს კი უფრო ძლიერ წვიმას და წყალდიდობას პროგნოზირებენ.