სენატორი ჯინ შაჰინი: რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტებია

სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია. ამის შესახებ შაჰინიმ სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

"მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, უნდა გააგრძელონ რუსეთის ბოროტი აქტივობების უკუგდება, საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით, რათა ასახონ ხალხის ნება და დააახლოვონ ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან", - განაცხადა სენატორმა.

როგორც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სენატორი შაჰინი იმასაც ამბობს, რომ ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის, კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა.

მისივე თქმით, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები, ნატოს გაფართოების შეჩერებას და შავ ზღვაზე კონტროლის გაზრდას ისახავს მიზნად.

„რეგიონში კონტროლის გასაძლიერებლად და მის სამხრეთ საზღვრებში ნატოს წარმომადგენლობის ასაცილებლად, რუსეთს აქვს ომისა და არალეგალური ტაქტიკის, აგრესიის გამოყენების ისტორია. 2008 წელს, რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ და არალეგალურად წაართვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. 2014 წელს, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, გააღვივა სეპარატისტული აჯანყება დონბასის რეგიონში. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გრძელდება და ყოველდღიურად უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლეს იწირავს“, - განაცხადა შაჰინმა.