შერიფი: იარაღი, საიდანაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, გულმოდგინედ შემოწმებული არ იყო

"იარაღი, საიდანაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, გულმოდგინედ შემოწმებული არ იყო", - ამის შესახებ სანტა ფეს ოლქის შერიფმა ადან მენდოზამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც შერიფმა ადან მენდოზამ აღნიშნა, გადასაღებ მოედანზე უსაფრთხოების მიმართ თვითკმაყოფილი დამოკიდებულება ჰქონდათ.

როგორც Reuters-ი წერს, იარაღმა 2 ადამიანის ხელში გაიარა მანამ, სანამ ალეკ ბოლდუინს გადასცემდნენ.

"მესაჭურვლე ჰანა გუტიერესის, რომელიც გადასაღებ მოედანზე იარაღის საკითხებზე იყო პასუხისმგებელი და რეჟისორის ასისტენტ დეივ ჰოლსის, რომელმაც იარაღი ბოლდუინს გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. გასროლის შედეგად ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, დაიჭრა ფილმის რეჟისორი, რომელიც უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.

„სიტყვები არ მყოფნის ჩემი შოკის და მწუხარების გადმოსაცემად ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. ჰალინა ჰატჩინსი მეუღლე, დედა და ღრმად დაფასებული კოლეგა იყო. სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია. კონტაქტზე ვარ მის მეუღლესთან და ჩემს მხარდაჭერას ვთავაზობ მას და მის ოჯახს. გულგატეხილი ვარ“, - ნათქვამია ალეკ ბოლდუინის Twitter-ზე გათანვსებულ განცხადებაში.