„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თავისუფლების მოედანზე გამართული აქცია შეაჯამა. ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ყველამ დაინახა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელიც სიცოცხლის ფასადაც არ დათმობს ღირსებას, თავისუფლებას, მშვიდობას და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას“.
„ჩვენ ვთქვით, რომ აქციაზე ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებისთვის დაგვჭირდებოდა იმდენი მძღოლი, რამდენიც მათ საკუთარ აქციაზე ჰყავდათ გამოყვანილი. ეს მარტო სიტყვის მასალად არ იყო ნათქვამი. რეალურად ამდენი მძღოლი დაგვჭირდა იმისთვის, რომ მოგვეხდინა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება. ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი, დაითვალონ საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას.
რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, როდესაც ადამიანებს აიძულებენ ხოლმე, იქ მუხტი არ იქმნება. ნახეთ, როგორი მუხტი იყო, მათ შორის შეძახილები, საქართველოს გაუმარჯოს. თქვენს აქციაზე კი, როდესაც იყო ანალოგიური პათოსი, იქ ისმოდა შეძახილები, თავისუფლება მიშას. იქეთ იდგა - მიშა, დამნაშავე ბელადი, აქეთ - საქართველო. ეს არის განსხვავება ორ შეკრებას შორის", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, აქციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი იყო.
„რაც შეეხება ზიზღის ენას, ჩვენ ღირებულებები ვაჩვენეთ, რომ ჩვენთვის მთავარია ღირსება, თავისუფლება და კეთილდღეობა. მათი ღირებულება არის ძალადობის მცდელობა და ისინი დამარცხდებიან“, - დაამატა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე:
თეა წულუკიანმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს „ქართული ოცნების“ აქციიდან მიმართა