ევროკავშირი მოლდოვას ენერგოკრიზის დაძლევაში €60 მილიონით დაეხმარება

ევროკავშირი მოლდოვას ენერგოკრიზის დაძლევაში დაეხმარება და ამ მიზნით 60 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

„კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას მოლდოვას მიმართ. ხვალინდელი ასოცირების საბჭო კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, ევროკომისია გამოყოფს 60 მილიონ ევროს, რათა დაეხმაროს მოლდოვას მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის მართვაში“, - აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტის Twitter პოსტში.

ცნობისთვის, მოლდოვამ პოლონეთიდან ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიზნით, 1 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ტენდერით შეისყიდა.

მოლდოვამ ენერგეტიკის სექტორში ბუნებრივი აირის დეფიციტის გამო და რუსულ „გაზპრომთან“ ახალი ენერგეტიკული გარიგების არარსებობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ქვეყნის პრემიერი აცხადებდა, რომ მოლდოვა ცდილობს, დეფიციტის შესავსებად გაზი შეიძინოს რუმინეთიდან და უკრაინიდან, ვიდრე შეძლებენ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას მისაღებ ფასზე.

„ჩვენ გვსურს, ხელი მოვაწეროთ ამ ხელშეკრულებას მოლდოვის მოსახლეობისთვის კარგი პირობებით“, - განაცხადა სპინუმ.

კონცერნების, „მოლდოვაგაზის“ და „გაზპრომის“ კონტრაქტის მოქმედების ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში მოლდოვას 790 დოლარის გადახდა უწევს, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარს შეადგენდა.