Reuters: ენტონი ბლინკენმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის დაგეგმვისა და აღსრულების შიდა შესწავლის განკარგულება გასცა

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის დაგეგმვისა და აღსრულების შიდა შესწავლის განკარგულება გასცა.

ენტონი ბლინკენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო ძალების ევაკუაციის ოპერაცია შეაქო, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა, გამოცდილების შეფასება, რათა მომავალში მსგავსი სცენარის შემთხვევაში უკეთესად მოქმედება შესაძლებელი გახდეს.

„ახლა, უკან მოხედვისას, ბევრი კითხვის დასმაა შესაძლებელი და უნდა დაისვას კიდეც: შეგვეძლო რაღაცების სხვაგვარად გაკეთება? შეგვეძლო ესა თუ ის ნაბიჯი სხვაგვარად გადაგვედგა? იქნებ თავდაპირველად ეს იდეა უნდა გვეცადა? ეს გადაწყვეტილება უფრო სწრაფად ხომ არ უნდა მიგვეღო?“, – განაცხადა ბლინკენმა სახელმწიფოდ დეპარტამენტის მოდერნიზების გეგმის წარდგენისას, რომელსაც კანონმდებლები და დიპლომატები ესწრებოდნე

მას შემდეგ, „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა, აშშ-მა ავღანეთიდან 124 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის აშშ-ის, ავღანეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების. პანიკამ გარკვეული ქაოსი გამოიწვია, რასაც თან ახლდა რამდენიმე აფეთქება.

„გალაპის“ მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის რეიტინგი, მისი მმართველობის ცხრათვიან პერიოდში 56%-დან 44%-მდე შემცირდა. აშშ-ის პრეზიდენტის პოპულარობის ასეთი მკვეთრი კლება, მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან არასდროს დაფიქსირებულა.

რეიტინგის კლების ერთ-ერთი მიზეზი, კვლევის თანახმად ავღანეთიდან ქაოსური ევაკუცია გახდა.

" ბაიდენი რეიტინგის დაცემა უკავშირდება კორონავირუსის პანდემიას, ასევე ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცები „ქაოსურ“ ევაკუაციას და ქაბულში ათობით ამერიკელი სამხედროს დაღუპვას და კიდევ ერთი მიზეზი აშშ-ში არსებული ეკონომიკური პრობლემებია", - აღნიშნულია კვლევაში.

რეიტინგის მკვეთრი დაცემის წინა რეკორდი ბარაკ ობამას ეკუთვნის. მისი პრეზიდენტობის ცხრათვიან პერიოდში ობამას პოპულარობა 63%-დან 52,9%-მდე დაეცა. დონალდ ტრამპის რეიტინგი ცხრათვიან პერიოდში 41%-დან 36,6%-მდე შემცირდა.