ვატიკანმა რომის პაპის, ფრანცისკეს და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია გააუქმა. მათი შეხვედრა დღეს, 29 ოქტომბერს შედგება.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად რომში გუშინ გვიან ღამით ჩაფრინდა. ვიზიტის ფარგლებში ის ხვდება რომის პაპს, იტალიის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს.
პირდაპირ ეთერში უნდა გადაცემულიყო პაპის რეზიდენციის მთავარ დარბაზში ბაიდენის ოფიციალურად მიღების ცერემონია და ბიბლიოთეკაში მისი და პაპის პირისპირ საუბრის დასაწყისი.
თუმცა ვატიკანის გადაწყვეტილებით, გაუქმდა არა მხოლდო პირდაპირი ტრანსლაცია შეხვედრის დასაწყისის და დასრულების გადასაღებად ვატიკანში მედიის წარმომადგენლებიც არ შეუშვეს, როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე.
მედია რედაქტირებულ ვიდეოჩანაწერს ვატიკანის პრესსამსახურისგან მიიღებს.
ვატიკანის პრესმდივანმა მატეო ბრუნიმ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ნორმალური პროცედურაა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედებს რომის პაპთან სხვადასხვა სახელმწიფოს და მთავრობათა მეთაურების შეხვედრების დროს. ამასთან, ბრუნიმ არ განმარტა, რატომ შეცვალა ვატიკანმა მის მიერვე დაანონსებული პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის გეგმა. ვატიკანი წლების განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადასცემდა უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურების ვიზიტების ოფიციალურ ნაწილს.