ცესკოს თავმჯდომარე: საოლქო საარჩევნო კომისიებში 272 საჩივარი შევიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 272 საჩივარი შევიდა. საჩივრებიდან 121 დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ იყო წარდგენილი, ხოლო 151 - საარჩევნო სუბიექტების მიერ.

„საჩივრების უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ჩვენ დეტალურ სტატისტიკას საჩივრებთან მიმართებით უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ. შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საჩივრებს განიხილავს 4 დღის ვადაში და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ხოლო ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შესაბამის სასამართლოში კიდევ დამატებით არის ორი კალენდარული დღე“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისივე განმარტებით, არჩევნების გამჭვირვალეობის ხარისხის ასამაღლებლად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 150 უბანი გადაითვლება.

„მინდა შეგახსენოთ, ასევე, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და თითოეულ საარჩევნო ოლქში, სადაც ჩატარდა არჩევნების მეორე ტური, წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გამოვლინდება 5-5 საარჩევნო უბანი და საერთო ჯამში, 150-მდე უბნის მონაცემები გადაითვლება, რაც არჩევნების გამჭვირვალობის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. აღნიშნული გადათვლების შესახებ ჩვენ, ასევე, უახლოეს მომავალში გაცნობებთ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ,“- განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, მიუხედავად მცირედი ხარვეზებისა, არჩევნების მეორე ტური შედგა

„საარჩევნო პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული. მიუხედავად ამისა, იყო ხარვეზებიც,თუმცა, საერთო ჯამში, არა მხოლოდ ჩვენი შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩევლებს დახვდათ კოვიდუსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო. მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, მცირედი ხნით, შეფერხდა კენჟისყრის პროცესი. რამდენიმე უბანზე, კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც მთლიან კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ ჰქონია. არჩევნების მეორე ტური შედგა. მინდა, მადლობა გადავუხადო საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც აქტიურად აკვირდებოდნენ კენჭისყრის დღეს“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, თბილისის ყველა უბნის მონაცემი ერთის გარდა დათვლილია, რომლის მიზეზიც ტექნიკური ხარვეზია.

როგორც კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის ერთ უბანზე დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზი რამდენიმე წუთში გამოსწორდება.

ამასთან, კალანდარიშვილმა თბილისის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებიც შესახებაც ისაუბრა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს, რომელმაც იაქტიურა და გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. საარჩევნო პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული. მიუხედავად ამისა, იყო ხარვეზებიც, თუმცა საერთო ჯამში, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა ორგანიზებული საარჩევნო გარემო. მხოლოდ რამდენიმე უბანზე მცირე ხნით შეფერხდა პროცესი კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც არჩევნები შედეგზე გავლენა არ ჰქონია. თბილისის 769 უბნიდან მხოლოდ ერთი უბნის შედეგი არ არის ატვირთული, ამ შემთხვევაშიც ტექნიკურ ხარვეზთან გვაქვს საქმე და რამდენიმე წუთში ეს ხარვეზი გამოსწორებული იქნება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ 99, 87 პროცენტია დათვლილი, საიდანაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკანორ მელიამ მიიღო 44, 39 პროცენტი, ხოლო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, კახა კალაძემ 55,60 პროცენტი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.