"თავად არჩევნების დღე კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ იყო კონკრეტული ინციდენტები, ზეწოლა ამომრჩეველზე", - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
"რაც შეეხება სისუსტეებს, ის მოიცავს ძლიერ პოლარიზაციას, რომელიც არ პასუხობს კარგ დემოკრატიულ სულისკვეთებას, დამკვირვებლებმა თავის ანგარიშში ასახეს რამდენიმე მაგალითი - არ არის ბალანსი რესურსების მიმართულებით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. - ეს არის გარკვეულწილად კულტურის ნაწილი, რომელიც არსებობს საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, რომ ამის დაძლევა მოხდება. მე ვხედავ გარკვეულ პროგრესს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
მისი თქმით, აუცილებელია, სისუსტეებს მიექცეს ყურადღება, ნებისმიერ საჩივარზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს.
„საერთაშორისო დამკვირვებლებმა წარადგინეს შეფასებები საქართველოს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო დეტალური, დიფერენცირებული და დაბალანსებული შეფასება. მათ დაინახეს ბევრი კარგი გაუმჯობესება. დამკვირვებლებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს ბევრ სისუსტეს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. აუცილებელია, ამ სისუსტეებს მიექცეს ყურადღება და ნებისმიერ საჩივარზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს. არჩევნების შედეგების მიღება და დემოკრატიულ პროცესში მუშაობა ფუნდამენტური დემოკრატიული ვალდებულებაა. მსურს, მივულოცო ყველას, ვინც მერად აირჩიეს, ვინც საკრებულოში აირჩიეს. ვუსურვებ მათ წარმატებას საქმიანობაში, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა მუნიციპალიტეტთან იმუშაოს აქტიურად და ნდობით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, – აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.
30 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 20 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან, წალენჯიხის გარდა, ყველა მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიგეს, ზოგიერთ ქალაქში კი ძალიან მცირე სხვაობით.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება. ოპოზიცია სამოქმედო გეგმას დღეს 19:00 საათზე, პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგენს.
ჯამში პირველ და მეორე ტურში 64 მუნიციპალიტეტიდან და ქალაქიდან 63 ხელისუფლებამ მოიგო.
ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია: არჩევნებზე ბევრი საჩივარი ძალადობას ეხებოდა