მსოფლიოს 100-ზე მეტი ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე შეთანხმდა

მსოფლიოს 100-ზე მეტი ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე გლაზგოში მიმდინარე კლიმატურ სამიტზე შეთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის დოკუმენტს დღეს მოეწერება ხელი.

ამასთან, როგორც ცნობილია, დოკუმენტის ხელმომწერებს შორის იქნება ბრაზილია, სადაც ამაზონის ტროპიკული ტყის დიდი ტერიტორიები გაჩეხილია. შეთანხმება მოიცავს 19 მილიარდი დოლარის გამოყოფას.

მიღწეულ შეთანხმებას ეკოლოგები და ეკოაქტივისტები მიესალმებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ 2014 წელს დადებულ ანალოგიურ შეთანხმებას ტყის გაჩეხვის პროცესი არ შეუნელებია და მნიშვნელოვანია ამ კუთხით ვალდებულებების შესრულება.

იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც ტყეების გაჩეხვის შეჩერების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, მსოფლიოს ტყის მასივის დაახლოებით 85% მოდის. მათ შორის არიან კანადა, ბრაზილია, რუსეთი და ინდონეზია.