ნორვეგიაში შემთხვევების რაოდენობამ ცოტა მოიმატა სკოლის მოსწავლეებში, ამიტომ, ქვეყანა ცდილობს, 12-დან 15 წლამდე ბავშვებში აცრები დააჩქაროს. ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს.
ამასთან, იმისთვის, რომ სწავლა არ შეფერხდეს, ყოველკვირეულად მიმდინარეობს ტესტირება, რომ სწრაფი გამოვლენა და კარანტინში გადაყვანა მოხდეს.
„უბრალოდ, მოსახლეობა მაინც იცავს დისტანციას, ცდილობენ, მასობრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდონ. პირბადეებს არ ატარებენ, გარდა მატარებლებისა და ტრანსპორტისა, სადაც ბევრი ხალხია. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი ისეა, როგორც პანდემიამდე.
მოსახლეობის 80%-მდე აცრილია და ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ნორვეგია და დანია, მოახერხეს მასობრივი ვაქცინაცია და ახლა გრიპის საწინააღმდეგო აცრებიც ტარდება. ერთადერთი - საზღვრებს მაინც აკონტროლებენ, არის ქვეყნები, საიდანაც შესვლა, კარანტინს მოითხოვს, ხოლო მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებიდან, თუ გაქვთ კოვიდპასპორტი, შეგიძლიათ, კარანტინის გარეშე შემოხვიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარანტინი მოგიწევთ.
კოვიდსიტუაციას ვმართავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოვხსენით და დავუბრუნდით ძველებურ ცხოვრებას. ვმართავთ ისე, რომ სიტუაცია არ გაუარესდეს, ვაკონტროლებთ სიტუაციას. წლის ბოლოსთვის მთავრობა შეიკრიბება, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც შეაფასებენ, როგორი ეპიდსიტუაცია იქნება, განსაკუთრებით, ჰოსპიტლებში ავადმყოფების რაოდენობას, რომლის საფუძველზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაიმე ზომა შეცვალონ თუ გაამკაცრონ. ყველას ეუბნებიან, რომ კოვიდი არ დასრულებულა და ჩვენ მისი მართვა მოვახერხეთ, ამიტომ გთხოთ, დაიცვათ ის წესები, რომლებიც აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ თქვენი და სხვისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ ჩააგდოთ“, - განუცხადა Europetime-ს ზაზა წერეთელმა.