სემეკი: მოქალაქეებისთვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ ძვირდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განმარტავს, რომ მოქალაქეებისათვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ იზრდება.

აღნიშნული განცხადება სემეკმა რეგიონებში გაზის ტარიფის 20 თეთრით გაძვირების შესახებ, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გამოაქვეყნა.

სემეკის განმარტებით, მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და შპს „ინტერ გაზის“ მიერ გავრცელებული განცხადება ბუნებრივი გაზის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს.

"როგორც თბილისში შპს „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, ასევე რეგიონებში – შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“ დ შპს „ინტერ გაზის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მოქმედი ტარიფები დადგენილია 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ამ კატეგორიის მომხმარებლებისათვის სემეკი არ ადგენს ბუნებრივი გაზის მიწოდება/მოხმარების ტარიფებს. კომისია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ადგენს მხოლოდ ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფებს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N69 ბრძანების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დერეგულირებულია და არ ექვემდებარება სემეკის სატარიფო რეგულირებას. შესაბამისად, კომპანიები არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს საბაზრო პრინციპების შესაბამისად განუსაზღვრავენ მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურს და ცვლილების შემთხვევაში, ვალდებულნი არიან ერთი თვით ადრე აცნობონ“, – აცხადებენ სემეკში.

"არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით. ტარიფი მხოლოდ პურის მწარმოებელ კომპანიებს არ გაუძვირდებათ", - ამის შესახებ "სოკარ ჯორჯია გაზის" განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ფასის ცვლილება გამოწვეულია მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებით.

"2021 წლის 1 დეკემბრიდან შპს სოკარ ჯორჯია გაზის საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 (ერთი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს სოკარ ჯორჯია გაზის მიერ შენარჩუნებული იყო ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში. ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული.

ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.