რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა.
მოთხოვნაა, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანონ, საბოლოოდ კი ის გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
აქციაზე იყვნენ შეკრებილნი როგორც პარტიის ლიდერები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის ჟურნალისტები.
„შიმშილობის 34-ე დღეა და ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, კვირების განმავლობაში ველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ორგანიზმმა ყველა რესურსი ამოწურა. სასწრაფოდ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მულტიფუნქციურ კლინიკაში და რა თქმა უნდა, უნდა გათავისუფლდეს", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
პარალელურად, „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობა დაიწყო, ვიდრე ექსპრეზიდენტ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ და არ მოიხსნება საფრთხეები, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება. შესაბამისი გადაწყვეტილება მან პარლამენტში კოლეგა ოპოზიციონერებთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.
რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, თითქმის ერთი თვეა, შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.
ამავე თემაზე:
სპეციალური პენიტენიცური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია