მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილიც გაემიჯნა.
„სრულად ვიზიარებ და ვუერთდები ჩემი კოლეგების პოზიციას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განუზომელი როლის შეფასებაში დემოკრატიული ინსტიტუტების და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისაკენ სწრაფვაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად უკომენტაროდ გთავაზობთ გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს წესს:
ციხის ხელმძღვანელობამ უნდა დაიცვას მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატიმრების ჯანმრთელობა; პატიმრებთან მიმართებაში ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა იყოს ინტეგრირებული და ეთავსებოდეს ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკას; პატიმრებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის სამსახურებზე მათი სამართლებრივი მდგომარეობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე;დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია პატიმრობის ნიშნით.ვემიჯნები და დაუშვებელად მიმაჩნია პაციენტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნებისმიერი გამოვლინება”, - წერს თეა სოხაშვილი-ნოკოლაიშვილი Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მოსამართლეების ნაწილმა გუშინ ასევე გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას არ ეთანხმებიან.
ცნობისთვის, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ყველამ, მათ შორის ნებისმიერმა თანამდებობის პირმა, თუ ორგანიზაციამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება არც ,,გაუგებარი“ და არც ,,უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია“, არამედ ისაა სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება.
მანამდე, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნა, საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში.
ამასთან, ამერიკის საელჩომ აღნიშნა, რომ დასანანია, სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, წარმოეჩინა გამჭვირვალობა. პრეზიდენტმა კი 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევას ამ ფორმით და ამ დროს, გაუგებარი ნაბიჯი უწოდა.