დღეს, თბილისში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, პედაგოგი გელა ჩარკვიანი. ადამიანი, რომელიც საქართველოში გამორჩეულად უყვარდათ...
გელა ჩარკვიანი 1939 წელს, თბილისში, საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერის კანდიდ ჩარკვიანისა და ოფთალმოლოგ თამარ ჯაოშვილის ოჯახში დაიბადა.
თბილისის სკოლაში ექვსი წელი სწავლობდა, სანამ ოჯახი მოსკოვში გადავიდოდა საცხოვრებლად. მისი კლასელები იყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გურამ დოჩანაშვილი... მოგვიანებით, სკოლასთან დაკავშირებით იხსენებდა...
„დედაჩემი თამარ ჯაოშვილი და ზვიად გამსახურდიას დედა მირანდა ფალავანდიშვილი კლასელები იყვნენ. სხვათა შორის, მათი ჩანაწერები სასკოლო ალბომებში, ახლაც მაქვს სადღაც შენახული. მახსოვს, რომ ერთ-ერთი პირველი ბავშვი, რომელიც გავიცანი, ზვიადი იყო. ალბათ, ოთხი წლის ვიქნებოდი. ისინი კიკეთში იყვნენ, ჩვენ – წყნეთში და სტუმრად ჩამოვიდნენ. მე და ზვიადიც კლასელები ვიყავით, ოღონდ ექვსი კლასი, მე მეშვიდე კლასიდან მოსკოვში გადავედი, მამაჩემის გათავისუფლების გამო. თბილისში როცა ჩამოვდიოდი, კლასელებს ყოველთვის ვნახულობდი. მახსოვს, სამი წლის მერე რომ ჩამოვედი, მთაწმინდაზე ავედით ბიჭები, ჩვენი თავები უკვე დიდები გვეგონა და ცოტა ღვინოც დავლიეთ...“

ლეგენდარული ოთხეულიდან დღეს არცერთი აღარ არის ცოცხალი, გურამ დოჩანაშვილი, წელს, 3 აპრილს გარდაიცვალა.
გელა ჩარკვიანი საზოგადოებაში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა. მწერლის შვილები ირაკლი და თეონა მამის გზას არ გაჰყოლიან. ირაკლი საზოგადოებამ თავისი ხმამაღალი მუსიკალური მეტსახელით გაიცნო, მაშინ იცინოდნენ, რომ ირაკლი ჩარკვიანმა ქართული მუსიკის მეფედ წარადგინა თავი. გავიდა წლები და ის სხვადასხვა თაობის საყვარელ მომღერლად იქცა. გარდაცვალებიდან რამდენიმე წელში 55 წლის იუბილეზე დედა ენის ბაღში ძეგლი დაუდგეს.

მეორე შვილმა თეონამ ბალეტი აირჩია და მთელი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნა. წარმატებული მოცეკვავის კარიერის შემდეგ, დღეს ლონდონსა და თბილისში მსურველებს ცეკვას ასწავლის.

გელა ჩარკვიანის ცხოვრებაში იყო განსაკუთრებული ადამიანი, ნანა თოიძე, ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა.
„ნანას ცოტა რთული ისტორია ჰქონდა, მამამისი რეპრესირებული იყო, დახვრეტილი... მაშინ მამაჩემი აღარ იყო ცეკას პირველი მდივანი, მაგრამ მაინც პარტიული ელიტის წრიდან ვიყავი... მოსკოვში გოგოს რომ გავიცნობდი, პირველ თუ არა, მეორე შეხვედრაზე მაინც უნდა მეკოცნა. ნანას მხოლოდ 5 თვის შემდეგ ვაკოცე და ეს ერთ-ერთ მაშინდელ ლექსში მაქვს კიდეც:"შორეულ ზაფხულზე სტიროდნენ ხეები, მე კი ყველასდა გასაკვირველად, მცხელოდა ოქტომბრის სუსხიან დღეებში. გახსოვს, ოქტომბრის ქარიან დღეებში გაკოცე პირველად". 2 წლის შემდეგ ვიქორწინეთ....“ - იხსენებდა წლების შემდეგ.

შვილის გარდაცვალებიდან მალე, დიდ ბრიტანეთში ელჩად წავიდა. მასთან ერთად იყო მეუღლე და ირაკლის უმცროსი შვილი ნანა, რომელიც ბაბუას დაჰყავდა სკოლაში. მძიმე მდგომარეობიდან რომ გამოსულიყო გარემოს შეცვლამ უშველა.
საქართველოში დაბრუნებიდან ერთ წელიწადში საყვარელი მეუღლე გარდაეცვალა.
"ნანა ბოლო დღეს სავარძელში იჯდა, თეონამ ჰკითხა, როგორ ხარო. კარგადო, უპასუხა და უცებ გაეყინა თვალები. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ირაკლის ტრაგედიის შემდეგ, ირაკლიც მე აღმოვაჩინე გარდაცვლილი ლოგინში..." - იხსენებდა ჩანაწერებში.

ბოლო წლებში გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში აქტიურობდა. ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ხშირად აქვეყნებდა მოკლე ჩანაწერებს საავტორო წიგნებიდან. აქვეყნებდა ვიდეოებს გადაცემებიდან, რომელთაც თავად სტუმრობდა და მუსიკალურ ექსპრომტებს, თავისი ავტორობით...
გუშინ ბოლო პოსტად თავისივე წიგნ „ნაგერალად“ ნაწყვეტი გამოაქვეყნა...
„ადამიანის ერთადერთი ნამდვილად ულმობელი მტერი არის დრო. სხვა ხიფათებთან მოილაპარაკებ, ან აიცილებ, ან ალბათობა დაგზოგავს – არ აღმოჩნდები იქ, სადაც ცუნამი მოგორავს, არ აიკიდებ შიდსს. დრო კი „სისტემური“ მტერია, დევს თავად ამ სამყაროს არსში, ან იქნებ სულაც შენში. „დროის და ხორცის დასრულდა კორიდა, დაჰგავეთ პარტერი, ბებერო ქალებო“. – ირაკლი...

გელა ჩარკვიანი თავისივე დაწერილ მუსიკალურ დრამა „ნარგიზაში“ მღეროდა....
„ვიცი ტრიუმფი, ვიცი უარი,
გულგახეთქილი არა ვსდევ შედეგს,
რადგან ცხოვრება ქონთინიუ არის
და გამარჯვებას ათასჯერ შევძლებ...“