აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა.
ყოველდღიურ ბრიფინგზე ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოექცეს მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან და მას შემდეგაც განვითარებულ პროცესს ახლოდან ვაკვირდებით, მათ შორის ყურადღებით გავეცანით საქართველოს სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ზრდის წუხილებს სააკაშვილის პატიმრობის პირობების შესახებ.
ამ განცხადების ფონზე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაუდებელი ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის საჭიროებები დაკმაყოფილდეს.
ვაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, მოექცეს მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტების თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, მთავრობის პასუხისმგებლობაა, პატიმრები დაიცვან ძალადობისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, აღმოუჩინონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კერძო ინფორმაციის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად", - განაცხადა ნედ პრაისმა.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა. ექსპრეზიდენტი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.