უკრაინას სააკაშვილის გამო საქართველოში გაგზავნილი ნოტის დადებითად განხილვის იმედი აქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი ნოტა დადებითად იქნება განხილული. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიკოლა ტოჩიცკიმ განაცხადა საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრისას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას, საქართველოს ელჩმა მინისტრის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია გლდანის პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გარემოებების შესახებ.

თავის მხრივ, მიკოლა ტოჩიცკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეების უფლებების და ინტერესების დაცვა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხებიც, მათ შორის, პოლიტიკური კონტაქტების გრაფიკი და უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის "ასოცირებული ტრიოს" შემდგომი ერთობლივი მოქმედებები 15 დეკემბერს დაგეგმილი, ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტისთვის მოსამზადებლად.

ასევე ნახეთუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იქნეს გადაყვანილი8 ნოემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა და განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით გლდანის მე-18 პენიტენციურ, სამკურნალო დაწესებულებაში და იმით, რომ უკრაინული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართულ მხარს მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის ყველა შესაძლებლობა.