ჯერჯერობით სააკაშვილისთვის საფრთხის შემცველი არის მხოლოდ მისი მოქმედება, გინდ იმ მაცივარში ჯდომიდან და გინდ შიმშილობიდან, დიეტიდან თუ მარხვიდან გამომდინარე, - ამ განცხადებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს გართულებებია შედეგი შიმშილობის და ის ყურადღების მიქცევის მთავარი რესურსია, რაც დღეს „ნაცმოძრაობას“ ხელში შერჩა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ამასთან, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე კომენტირებისას, მან ურჩია ევროპარლამენტარს, ღრმად გაანალიზოს მდგომარეობა და განცხადება ამის შემდეგ გააკეთოს.
„კუბილიუსის მოსაზრების საწინააღმდეგო მოსაზრებაც არსებობს. ქვეყნის კურსი არის უცვლელი და ამ მიმართულებით დიდია მიღწევები. საქართველო არ არის ადგილი, რომლის აბუჩად აგდება შეიძლება ისე, რომ არ აფასებ საფრთხეებს. აკეთებს როყიო განცხადებას, რომელიც ითვალისწინებს სახალხო პარტიის პოზიციას, რომლის ნაწილსაც „ნაცმოძრაობა“ წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
რაც შეეხება Amnisty international-ის შეფასებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მას ასე გამოეხმაურა.
„განა არ მომხდარა „ტელეიმედის“ დესპოტური, სადისტური მეთოდებით აღება, ადამიანების ცემა - ტყეპა, მოკვდინება, განა არ იყო გირგვლიანის ქეისი და განა სტრასბურგმა არ მიიღო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით? ასე რომ, Amnisty international-ს თუკი ასეთი პოზიცია აქვს, მას უპირისპირდება სხვა პოზიცია, რომელიც არის რეალობა, რომელიც შექმნა კონკრეტულმა ადამიანმა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.