ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო, მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას არ შეწყვეტს. მისი თქმით, დღეს არსებული ვითარების განსამუხტავად, გასაღები „ქართული ოცნების“ ხელშია.
„მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ მიხეილს, ჩემს მიმართ მომართული სიტყვებისთვის. მესმის და ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი, რომ ნებისმიერი ადამიანის შიმშილი, ეს არის მძიმე სანახავი, არასასიამოვნო პროცესი. ამასთან, მე გადაწყვეტილება არ მიმიღია არავის მითითებით, გადაწყვეტილება მივიღე კონკრეტული მოთხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყოს საფრთხის ქვეშ.
დღეს „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ქართული საზოგადოება გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. აწყობს პირდაპირ ღია პროვოკაციებს და ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ არ წამოვეგოთ ამას, რადგან ეს არის ის, რასაც ვებრძვით. არანაირ ძალადობრივ დაპირისპირებაში არ უნდა გავყვეთ „ქართულ ოცნებას“.
რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას, ესეც ჩემი აზრით, ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა მისი მხრიდან, რომ ის ემორჩილება სტრასბურგის გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილმა ეს შანსი გამოიყენა, გადადგა ნაბიჯი და მან ჩამოაყალიბა ძალიან მკაფიო პოზიცია, ის წყვეტს შიმშილობას ძალიან ლეგიტიმური და კონკრეტული მოთხოვნების დათქმით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თავად სააკაშვილი მზადაა, შიმშილობა გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეწყვიტოს.
ამავე თემაზე:
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს
რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშილთან დაკავშირებით