ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ექსპრეზიდენ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა Twitter-ზე დაწერა.

„მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლაზე უარი მითხრეს. ვწუხვარ საქართველოს მთავრობის მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილი ნების ნაკლებობის გამო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე საქართველოს მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი“, - წერს ანა ფოტიგა.

ანა ფოტიგამ, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდა, გლდანის სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში შესვლა 12 ნოემბერს ვერ მოახერხა და ამ დრომდე ელოდებოდა იუსტიციის სამინისტროს ნებართვას.

12 ნოემბერს, ანა ფოტიგა სახალხო დამცველსაც შეხვდა. მასთან ერთად, ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ასევე შეხვდნენ ლიეტუვის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას, ლიეტუვას სეიმის წევრს, საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელს რაიმუნდას ლოპატას და ხელმძღვანელის მოადგილეს ვილია თარგამაძეს.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, შეხვედრებზე ისაუბრეს თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მის გავლენაზე ქვეყნის დემოკრატული წინსვლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე. ასევე განიხილეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობის პირობები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა და უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები. ნინო ლომჯარიამ სტუმრებს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა და მონიტორინგების შედეგად მიღებული ინფორმაცია გააცნო.

ამავე თემაზე

სოზარ სუბარი: ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია ქვეყანაში

ელენე ხოშტარია: თუ ანა ფოტიგა ვერ შეძლებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, ეს ძალიან დიდი სკანდალი იქნება