დიდი ბრიტანეთის გენერალი: რუსეთთან ომისთვის მზად უნდა ვიყოთ. ახლა რუსეთი დიდი საფრთხეა აღმოსავლეთ ევროპაში

გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების გენერლის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპაში ბოლოდროინდელი დაძაბულობის შემდეგ, სამხედროები რუსეთთან ომისთვის მზად უნდა იყვნენ.

ამავე დროს, ნიკ კარტერი არ ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინს დასავლეთთან ომი სურს.

გენერალმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა უფრო დიდი საფრთხეა აღმოსავლეთ ევროპაში, ვიდრე რვა წლის წინ.

გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ასევე შეეხო პოლონეთსა და რუსეთის მოკავშირე ბელორუსის საზღვარზე დაძაბულობას და უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის თავმოყრას.

„რუსეთი გლობალურ სტრატეგიულ კონტექსტს ალბათ განიხილავს როგორც უწყვეტ ბრძოლას, რომელშიც, ვფიქრობ, ისინი თავისი მიზნის მისაღწევად ეროვნული ძალის ინსტრუმენტს გამოიყენებენ. მაგრამ ამით [რუსებს] ცხელი ომის დაწყება არ სურთ“, - აღნიშნავს ნიკ კარტერი.

„დიდი ალბათობით, ბელარუსის, ასევე უკრაინის საზღვარზე სიტუაცია შესაძლოა, იყოს ყურადღების გაფანტვის მცდელობა, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ“, - დაამატა ნიკ კარტერმა.

10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ვაშინგტონში, ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსი „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა.

ევროკავშირის მხრიდან სანქციების გაფართოების შემთხვევაში კი, რუსეთის ახლო მოკავშირე, პრეზიდენტი ლუკაშენკო ევროკავშირს ევროპაში გაზის ტრანზიტის გადაკეტვით ემუქრება.

ბელარუსს რუსეთი მხარს უჭერს. 10 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა Ту-22М3-ის კლასის ბომბდამშენებმა საჰაერო პატრულირება ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაიწყეს.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დმიტრი პოლიანსკი, აცხადებს, რომ ბომბდამშენების გაგზავნა, პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის ევროპულ მონაკვეთზე დამატებითი სამხედრო რესურსის თავმოყრაზე პასუხია.

თავის მხრივ, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ფრენები ერთობლივი საწვრთნელი მისიების ფარგლებში რეგულარულად განხორციელდება.

როგორიც NATO-ს პოზიცია, ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ 12 ნოემბერს მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს ხელოვნურად შექმნილ კრიზისს და მის, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის წინააღმდეგ.

NATO-ს მოკავშირეები მოუწოდებენ ბელარუსს, შეწყვიტოს ეს ქმედებები, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაიცვას საერთაშორისო სამართალი.

ამასთან, Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, NATO-ს ოფიციალური პირი მიგრანტთა ხელოვნურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ბელარუსს აკისრებს. NATO-ს შეფასებით, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება უკანონო, მიუღებელი და არაჰუმანურია.

„NATO-ს ელჩებმა ამ კვირაში განიხილეს პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარება. NATO-ს მოკავშირეები პოლონეთის მიმართ სრულ სოლიდარობას გამოხატავენ. ალიანსი ასევე დგას სხვა მოკავშირეების გვერდით, რომლებზეც გავლენა მოახდინა ბელარუსის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციამ.

ბელარუსს ეკისრება პასუხისმგებლობა კრიზისზე და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების, როგორც „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანური, უკანონო და მიუღებელია. NATO სიტუაციის ახლოდან მონიტორინგს განაგრძობს. გენერალური მდივანი ამ საკითხზე მჭიდრო კავშირშია მოკავშირე მთავრობებთან. NATO მზადაა, შემდგომი დახმარება გაუწიოს ჩვენს მოკავშირეებს და განამტკიცოს თავდაცვა და უსაფრთხოება რეგიონში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა.

ჯო ბაიდენი: ჩვენი შეშფოთება რუსეთსა და ბელარუსს გავაცანით

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია