პიტერ სტანო: ევროკავშირი მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის მხარდასაჭერად მუშაობას განაგრძობს

ევროკავშირი მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის მხარდასაჭერად მუშაობას განაგრძობს, - ამის შესახენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ექსკლუზიურად Europetime-ს განუცხადა.

პიტერ სტანოს თქმით, ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში კავშირების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას უჭერს მხარს.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერის თქმით, ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული მშვიდობის მშენებლობასა და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პროცესში.

ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა ივლისში წარადგინა, რომელიც 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას მოიცავს.

პიტერ სტანოს თქმით, ყოვლისმოცმველი გეგმის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაჭრობის, ეკონომიკური ზრდის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა, კავშირის სფეროში ინვესტირება, დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციების მხარდაჭერა, სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ინიციატივა ეფუძნება ხუთ გრძელვადიან მიზანს და ფოკუსირებულია ჩვენი მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, რომელთა მიზანია ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მოტანა. ეს ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მოიცავს ვაჭრობის და ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციებს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, სამართლიანი, გენდერული თანასწორობით, ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობას.

მიღებული ინიციატივა მოიცავს რეგიონულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომლის ღირებულებაა 2,3 მილიარდი ევრო და რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კორონავირუსის შემდგომი ეკონომიკური აღდგენისა და გრძელვადიანი მდგრადობისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

შეგახსენებთ, საინვესტიციო გეგმის განხორციელების საკითხი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 15 ნოემბერს ბრიუსელში განიხილა.

ექსკლუზივი: ევროკავშირი 3+3 ფორმატზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით