ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა შეცვალა და ხვალ მხარდამჭერებს რესპუბლიკის მოედანზე, 15:00 საათზე ელოდება. ამის შესახებ „ნაცინალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ხვალისთვის დაგეგმილ სამ ლოკაციაზე მანიფესტაცია - მსვლელობას ვაუქმებთ და ხვალ, ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს, სამი ლოკაციიდან უნდა გამართულიყო მსვლელობა, თუმცა როგორც ცნობილია, დღეს დამძიმდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა. მან გონება დაკარგა და ახლა რეანიმაციაშია. რეანიმატოლოგის ცნობით, ის პაციენტის მოსანახულებლად მივიდა და ასეთი ფაქტი მოხდა.
თავდაპირველად, ინფორმაცია მედიას სააკაშვილის მდგომარეობაზე მისმა ადვოკატმა მიაწოდა. ბექა ბასილაიას თქმით, სააკაშვილი ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ წაიქცა.