„თალიბანმა“ გამოსცა ახალი წესები, რომელიც სატელევიზიო სერიალებში ქალების მონაწილეობას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, გარდა სატელევიზიო სერიალებში მონაწილეობის აკრძალვისა, ქალ ჟურნალისტებსა და სატელევიზიო წამყვანებს ეთერის დროს თავსაბურავის ტარება მოეთხოვებათ.
„თალიბანმა“ სატელევიზიო სივრცისთვის სულ რვა ახალი წესი გამოსცა. მათ შორის არის ისეთი ფილმების აკრძალვა, რომლებიც ისლამურ კანონებს და ავღანეთის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, აიკრძალა ისეთი კომედიური და გასართობი გადაცემების ჩვენება, რომელიც ავღანელებისთვის შეურაცხმყოფელი იქნება.
ადგილობრივი ჟურნალისტების განცხადებით, „თალიბანის“ გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან გამოცემული წესების უმეტესობა არაპრაქტიკულია და სატელევიზიო კომპანიები დახურვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან.
ცოტა ხნის წინ, „თალიბანის“ ხელმძღვანელობამ გოგონებს სკოლაში სიარული აუკრძალა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, რითაც მედიის თქმით, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდა, რომელიც საკუთარი მოსახლეობის ნახევარს განათლების მიღების საშუალებას არ აძლევს.