რატი ბრეგაძე ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე: პენიტენციური სამსახური უპირობოდ ვერავის გაუღებს საკნის კარს

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ სასჯელისგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდება, უპირობოდ გაჟღერებულ მოთხოვნებს კი, ასეთი საფუძველი არ გააჩნია.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ადამიანმა დატოვოს ციხე, მან უნდა მოიხადოს სასჯელი, ან უნდა იყოს შეწყალებული, ან უნდა გამოცხადდეს ამნისტია.

„ან, თუ მაგალითად, საუბარია განაჩენის აღსრულების გადავადებაზე, აქ მას სჭირდება სასამართლოს განჩინება სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე. ეს საკითხები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, ბუნებრივია, ასე უპირობოდ გაჟღერებული მოთხოვნები ვერ ქმნის სამართლებრივ საფუძველს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.

რაც შეეხება სასამართლო პროცესებზე დასწრების საკითხს, რატი ბრეგაძემ ორ მთავარ ფაქტორზე მიუთითა. მისი თქმით, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკი როგორც კი გამოირიცხება, პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში.

„დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკებზე - ეს იხილა საზოგადოებამაც, რომ მან დაკარგა გონი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი: იქნებ, გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად. ასეთ ადამიანს მკურნალობის უფლებას მივცემდი ამ ციხეების გარეთ

50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია