რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. „გაზპრომის“ ინფორმაციით, გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო, მოლდოვის ენერგომომარაგება შესაძლოა, ორ დღეში შეწყდეს.
„გადახდის ბოლო ვადაა 22 ნოემბერი. დღეს „გაზპრომმა“, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოლდოვის მხარეს აცნობა, რომ მოლდოვაში გაზის მიწოდება 48 საათში შეწყდება. „გაზპრომი“ უკიდურესად იმედგაცრუებულია მოლდოვის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო“, – განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა, სერგეი კუპრიანოვმა.
მოლდოვამ და „გაზპრომმა“ რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ კონტრაქტს ხელი ოქტომბრის ბოლოს მოაწერეს. რუსული კომპანიის პრესსპიკერმა კუპრიანოვმა განაცხადა, რომ „გაზპრომი“ ხელშეკრულების ხელმოწერას იმ პირობით დათანხმდა, რომ მოლდოვა ინვოისებს სრულად და დროულად გადაიხდიდა.
გართულებები წარმოიშვა ოქტომბერში გაზპრომის მიერ ფასის ზრდის შემდეგ, როდესაც კონტრაქტი ერთი თვით გაგრძელდა, გადაწყვეტილება მოლდოვის მთავრობამ „გაუმართლებლად და არარეალურად“ მიიჩნია.