დუნია მიატოვიჩი: საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმა სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიუღებელია

"საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმა სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიუღებელია", - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის განცხადებაშია აღნიშნული. მიატოვიჩი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს საკითხი სტრასბურგში, 22 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრისას განიხილა. მისი შეფასებით, ქართველმა პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ სახალხო დამცველის მანდატს.

„ვაქებ სახალხო დამცველს და მის აპარატს იმ ძალისხმევისთვის, დაიცვან ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი სტანდარტები ყველა პირის მიმართ, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ხორციელდება.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სახალხო დამცველმა, მისმა ოფისმა და მასთან დაკავშირებულმა ექსპერტებმა შეძლონ, იმუშაონ ისეთ ატმოსფეროში, რომელიც მათთვის ხელსაყრელია თავიანთი მანდატის დამოუკიდებლად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განსახორციელებლად.

უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მაგრამ ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მათ შორის ევროპის საბჭოსთვის, ძალზე მნიშვნელოვანია, დაეყრდნოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის შეფასებას, რომელსაც შეუძლია, დამოუკიდებლად და ეფექტურად შეასრულოს თავისი სამუშაო საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობით. მოუთმენლად ველი, რომ განვიხილავ ამ და ადამიანის უფლებათა სხვა საკითხებს საქართველოში მომავალი წლის თებერვალში ჩემი ვიზიტის დროს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აჩვენებს, თუ რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“. თემაზე კომენტირებისას ამერიკის ელჩმა მაშინ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს.

მორიგი განცხადება ირაკლი კობახიძემ 18 ნოემბერს გააკეთა: „წამოვიდგინოთ, „ფეიკდასკვნას“ ის სცენარი მოჰყვა, რისიც გვეშინია. ამ შემთხვევაში შეიძლება, ომბუდსმენისა და ზოგიერთი ექიმის პასუხისმგებლობა დადგეს“.

ამერიკის ელჩი: ზოგადად, საზოგადოებაში ზუსტი ინფორმაციის ნაკლებობაა და სახალხო დამცველი სწორედ ამას ავსებს

კელი დეგნანი: სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს

Amnesty International-ი საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია

სახალხო დამცველი საერთაშორისო საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ლიდერის „მუქარის შემცველ განცხადებებზე“ რეაგირებას სთხოვს