ჯანმო: ევროპაში COVID19-ით დაღუპულთა რაოდენობამ, მარტამდე შესაძლოა, 2 მილიონს გადააჭარბოს

"ევროპაში COVID19-ით დაღუპულთა რაოდენობამ, მარტამდე შესაძლოა, 2 მილიონს გადააჭარბოს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.

ჯანმო-ს შეფასებით, დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა დაახლოებით 4 200-მდე გაიზარდა, რაც, სექტემბრის ბოლოს მონაცემებთან შედარებით ორჯერ მეტია.

რეგიონის 53 ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა და არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში გაზაფხულამდე, შესაძლოა, 2.2 მილიონს მიაღწიოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრებისთვის და ყოველდღიური ცხოვრების გასაგრძელებლად საჭიროა „ვაქცინაცია პლიუს“ მიდგომა.

„იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ამ ვირუსით და გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, უნდა გამოვიჩინოთ „ვაქცინა პლიუს“ მიდგომა. ეს ნიშნავს ვაქცინის სტანდარტული დოზების მიღებას, შეთავაზების შემთხვევაში „ბუსტერის“ მიღებას, ასევე პრევენციული ზომების ჩართვას ჩვენს ჩვეულ რუტინაში“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.