ყატარის დედაქალაქ დოჰაში „თალიბანის“ წევრებსა და აშშ-ს წარმომადგენელს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ავღანეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი დოჰაში მომავალ კვირაში ჩავა და ავღანეთის მმართველ თალიბებთან შეხვედრები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
მოლაპარაკებების მთავარი საკითხები კონტრტერორიზმი, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გადაადგილება, ჰუმანიტარული დახმარება და ავღანეთის ეკონომიკური მდგომარეობა იქნება.
აშშ-ის წარმომადგენელი, ტომ ვესტი მიმდინარე თვის დასაწყისში ავღანეთის საკითხებზე სასაუბროდ ე.წ. გაფართოებული „ტროიკის“ შეხვედრას დაესწრო, რომელშიც პაკისტანის, ჩინეთის, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული ჯგუფი ასევე შეხვდა ავღანეთის მაღალჩინოსნებს.