NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგაში მიმდინარე მინისტერიალზე შავი ზღვის უსაფრთხოების, ავღანეთის და დასავლეთ ბალკანეთის საკითხები განიხილეს. NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი „ურყევი“ რჩება, განაცხადა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოთხშაბათს რიგაში მოკავშირეთა საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრის დასასრულს.
უკრაინის მახლობლად რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ, სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძვირი დაუჯდება, რასაც რუსეთისთვის სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება“.
„ჩვენ ახლახან დავასრულეთ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. პირველ სესიაზე შემოგვიერთდნენ საქართველო და უკრაინა. განვიხილეთ რეგიონში უსაფრთხოების გარემო. რუსეთი განაგრძობს აგრესიულ და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს მისი მეზობლების წინააღმდეგ. ამის მაგალითია უკრაინის გარშემო ჯარის თავმოყრა. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და თავიდან ავიცილოთ ესკალაცია. მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძვირი დაუჯდება და ამას სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.
საქართველო და უკრაინა NATO-ს დიდი ხნის და ახლო პარტნიორები არიან. მათ წვლილი შეიტანეს ჩვენს მისიებსა და ოპერაციებში. ეს ქვეყნები მიისწრაფვიან წევრობისკენ. მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს გადაწყვეტილებებს. ჩვენი მხარდაჭერა მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება. ჩვენ კვლავ მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის მიმართ.
ჩვენ ასევე განვიხილეთ რეფორმების წინსვლის მნიშვნელობა, რომ გაძლიერდეს კანონის უზენაესობა და დემოკრატია. კორუფციასთან ბრძოლა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორების ტრანსფორმაცია - ეს რეფორმები საკვანძოა იმისთვის, რომ საქართველოც და უკრაინაც უფრო ძლიერები და მედეგები გახდნენ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, რიგაში NATO-ს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იყო, მოკავშირეებმა ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმინეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მათი ხედვები და იმსჯელეს როგორც რეგიონიულ, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე. მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით, მონაწილეობდა რიგაში, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართა კოლეგა მინისტრებს.
ამავე თემაზე
იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს