ირაკლი კობახიძე: მე ვარ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი. ქალბატონი კელი დეგნანი არ არის ექსპერტი

„მე ვარ ამ საქმის, უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი, რასაც კონსტიტუციური სამართალი ჰქვია და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი, ან უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია. ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან, როდესაც ელჩის განცხადებაზე დაუსვეს შეკითხვა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პლურალიმზი და მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველად სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დანერგა და ეს სისტემა 2024 წლიდან ამოქმედდება.

„ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც ამოქმედდება 2024 წელს, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაშია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, სადაც არის დადგენილი პროპორციული საარჩევნო სისტემა, მოქმედებს სწორედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ, მსჯელობა განვაახლოთ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, თუ მხოლოდ ამას აქვს თავის წინაპირობა. წინაპირობა არის ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია იყოს პარლამენტში. ჩვენ გვჭირდება ამის განგრძობითი მტკიცებულება, რომ მათ სურთ დღის წესრიგის შეცვლა და მათ სურთ დადებითი წვლილის შეტანა ახალ დღის წესრიგში, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენს ქვეყანაში. თუ ამას გააკეთებენ, თუ ამას დაადასტურებენ და დაამტკიცებენ განგრძობითი ფორმით და სახით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მყისიერად განახლდება დისკუსია ბარიერთან დაკავშირებით. თუ ეს არ მოხდება, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ დამატებით ვერ შევუწყობთ ხელს პოლარიზაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამერიკის ელჩმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ დღეს განაცხადა: „ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია აზრთა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთი პარტიის დომინირება უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის“.

ელჩის შეფასებით, თუ 5%-იანი ბარიერი დარჩება, სავარაუდოდ, 2 ან 3 პარტია გადალახავს მას, შემდეგ არჩევნებზე, რაც ნამდვილად არ არის გზა მეტი ინკლუზიურობისა და მეტი მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში.

ასევე წაიკითხეთ: ირაკლი კობახიძე: თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემა და 5%-იანი ბარიერი 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს

დეგნანი: ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია აზრთა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთი პარტიის დომინირება უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც მომდევნო ორი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს, პირველი მოსმენით მიიღო. თუმცა მმართველი პარტიის ლიდერმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, პროპორციული სისტემა და 5%-იანი ბარიერი 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს.