„როცა ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებასა და მაგალითზე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის საუკეთესო და მნიშვნელოვანი“, - ამით ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებულ დისკუსიაზე ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. კითხვა ეხებოდა ელჩის კომენტარზე მმართველი პარტიის ლიდერის რეაქციას.
„პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ პატივს ვცემ ბატონი ირაკლი კობახიძის ცოდნას, გამოცდილებას, ასევე, ბევრი კონსტიტუციონალისტის ცოდნას, ვისაც შევხვედრივარ და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ ბევრი განათლებული იურისტი და კონსტიტუციონალისტი ჰყავს.
მეც მაქვს განათლება კონსტიტუციურ სამართალში და მიმუშავია სხვადასხვა ადგილას, კონსტიტუციის შექმნის პროცესში, დავხმარებივარ და გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი.
როცა ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებასა და მაგალითზე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის საუკეთესო და მნიშვნელოვანი.
ქართველი პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დაბალი ბარიერი არჩევნებზე, იქნებოდა სასარგებლო და ეს დადასტურდა 2020 წლის არჩევნებით, როდესაც პარლამენტში 9 პარტია შევიდა. ეს შეფასდა დადებით შედეგად და მათ შორის ამ საკითხს ეთანხმებოდა მმართველი პარტიაც.
ამის შემდეგ გაგრძელდა მოლაპარაკებები და პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 2%-იანი ბარიერი და სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა ის, რაც საქართველოს სჭირდება. ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე, რამაც პარლამენტში უნდა შექმნას მეტი მრავალფეროვნება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ირაკლი კობახიძე: მე ვარ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი. ქალბატონი კელი დეგნანი არ არის ექსპერტი