ლიეტუვის სეიმმა საგარეო და ევროპული პოლიტიკის გრძელვადიანი ორიენტირების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის პოლიტიკის პრიორიტეტები საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერასაც ითვალსწინებს.
ლიეტუვის სეიმის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის საბჭოში 2025 და 2027 წელს პოლონეთისა და ლიეტუვის თავჯდომარეობის პერიოდში ლიეტუვის პარლამენტი შეეცდება, რომ ევროკავშირის ასოცირებულმა პარტნიორებმა - მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს მათთან ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებები.
დღესვე, ქვეყნის ახალმა მთავრობამ, ინგრიდა შიმონიტეს მეთაურობით, ფიცი დადო და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მარდაჭერასაც ითვალისწინებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ უკრაინისა და საქართველოს მისწრაფების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების აქტიურ მხარდაჭერას. ჩვენ აქტიურ როლს შევასრულებთ ევროკავშირისა და ნატო-ს აღმოსავლეთ სამეზობლოში, გვექნება ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რა დროსაც დავეხმარებით უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას შეიარაღებული ძალების ტრანსფორმირებაში, ასევე ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინაშე მათი მდგრადობის გაძლიერებაში“, – ნათქვამია ლიეტუვის ახალი მთავრობის პროგრამაში, რომელიც სეიმის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ლიეტუვის ახალი მთავრობა მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ.
„ჩვენ უნდა შევქმნათ თანამოაზრე დემოკრატიული ქვეყნების უფრო ფართო კოალიციები, ტრანსატლანტიკური და საერთაშორისო კავშირები, რათა დავეხმაროთ ბელარუსებს თავისუფლებასა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, ასევე, გავაძლიეროთ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის პერსპექტივები 2027 წელს ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობამდე“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ლიეტუვის ახალი მთავრობა მხარს უჭერს რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ მიზნობრივ და ეკონომიკურ სანქციებს.
„ჩვენ არა მხოლოდ დავუჭერთ მხარს მოლდოვის, საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების ევროკავშირისა და ნატო-სკენ სწრაფვას, არამედ ასევე გრძელვადიანი პერსპექტივაში დავეხმარებით მათ, დაიბრუნონ რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიები“, - წერია ლიეტუვის მთავრობის პროგრამაში, რომელიც სეიმმა დღეს დაამტკიცა.